ახალი ამბები

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის სამართლებრივი შეფასებისათვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას მიმართავს

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის განხილვა გასულ კვირას დაიწყო, ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ მომენტში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან პასუხს.

საქართველოს სასამართლო სისტემა დიდი გამოწვევების წინაშეა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკის საგანია. განსაკუთრებული მღელვარება მოყვა გასული წლის დეკემბერში, ნაჩქარევად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტისათვის წარდგენას. სპეციალური პროცედურის არარსებობის პირობებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ აჩვენა საკითხის განხილვის მაღალი სტანდარტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ზოგიერთ შემთხვევაში არ არის გამჭვირვალე და ხშირად საკითხები კონფლიქტურ ვითარებაში იხილება.

დღის წესრიგში არსებული გამოწვევები მოითხოვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც გამორიცხავს თვითნებურ, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და მაქსიმალურად გააჯანსაღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დასაბუთების, გამჭვირვალობის გაზრდის გზით. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ამ მიზნებს სრულად ვერ აღწევს და იგივე შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის. პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებულ იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად, უსამართლო გადაწყვეტილებების შინაარსის ცვლილების გარეშე.

წარმოდგენილი კანონის პროექტთან მიმართებით სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები:

  1. კრიტერიუმები. დღეს მოქმედი კანონი პირდაპირ უთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე არ ვრცელდება გამოცდის ჩაბარების მოთხოვნა. კანონპროექტით კი, დღეს მოქმედი პრინციპი იცვლება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ მოქმედ ან ყოფილ მოსამართლეს ან პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობის სწრაფი ცვლილება ბევრ გამოცდილ, კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ პროფესიონალს გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიდან და ნაკლებად კონკურენტულ გარემოს შექმნის. შესაბამისად, ეს შემზღუდველი კრიტერიუმი უნდა მოიხსნას;
  2. კენჭისყრის ფარულობა. კანონპროექტით, შერჩევის ერთ-ერთ ეტაპზე გათვალისწინებულია კანდიდატების ქულებით შეფასება. მას მოსდევს ფარული კენჭისყრა, რომელიც აზრს უკარგავს ქულებით შეფასებას და იძლევა შესაძლებლობას, საბჭოს წევრმა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, ვისაც დაბალი ქულები დაუწერა. იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპზე გამართული კენჭისყრები ფარულია და მიღებული გადაწყვეტილებები არ საბუთდება, რაც აზიანებს გამჭვირვალობას და პროცესისადმი სანდოობას. აქედან გამომდინარე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე;
  3. ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის საკითხი კანონპროექტით საკმარისად მოწესრიგებული არ არის და ეთითება მხოლოდ ის, რომ საბჭოს წევრი საკუთარ თავს ვერ მისცემს ხმას, თუმცა კონკურენტი კანდიდატების კენჭისყრაში და მთლიან პროცედურაში მონაწილეობს, მათ შორის, კითხვებს უსვამს კონკურენტებს. სწორედ აქედან გამომდინარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა შეუთავსებელი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობასთან ან თუ ეს შესაძლებლობა მათვის ხელმისაწვდომი იქნება, მათი მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის ყველა სტადიაზე უნდა შეიზღუდოს (მათ შორის კენჭისყრებში);
  4. ხმათა რაოდენობა და კანდიდატთა რაოდენობა. კანონპროექტის მიხედვით, საბჭოკანდიდატებს ხმათა 2/3-ით წარუდგენს პარლამენტს. იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდეს უფრო მეტად გამჭვირვალე, მნიშვნელოვანია პარლამენტმა იმსჯელოს სხვადასხვა ალტერნატივაზე. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილია პოზიცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შესარჩევად მოთხოვნილ უნდა იქნეს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის ხმები. ალტერნატივის სახით შესაძლებელია პლურალიზმის დამატებით უზრუნველმყოფი წესის შემოღება, როდესაც პარლამენტს თითო ვაკანსიაზე სულ მცირე 3 კანდიდატი წარედგინება. საქართველოს კონსტიტუცია სრულად იძლევა ალტერნატიული რეგულირებების შესაძლებლობას;
  5. პროცესი პარლამენტში. წარმოდგენილი კანონპროექტით, პარლამენტში მთლიანი პროცედურის მხოლოდ მცირე ნაწილი მიმდინარეობს და დადგენილია განხილვის საკმაოდ მცირე ვადები. არ არის მითითებული თუ ვინ შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის წევრი, არ არის გაწერილი სამუშაო ჯგუფის როლი, საქმიანობა და ინფორმაციაზე წვდომის საკითხები. საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია არ ეგზავნება პარლამენტს. კანდიდატების მოსმენა ხდება მხოლოდ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კითხვების დასმა მხოლოდ კომიტეტის წევრებს შეუძლიათ და არა სამუშაო ჯგუფის წევრებს ან პარლამენტის სხვა წევრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ არსებობს.

სასამართლო სისტემისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ადგილობრივი კონტექსტი და რეალობაში არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველი აუცილებლად გადაუგზავნის თავის დეტალურ მოსაზრებებს ვენეციის კომისიას და იმედს ვიტოვებთ რომ მოხდება მათი მხედველობაში მიღება.

ასევე მივმართავთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას (ODHIR), კანონპროექტის დამატებითი სამართლებრივი შეფასებისათვის. საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ ინსტიტუციას, უფლება აქვს მიმართოს ODIHR-ს. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია წარმოადგინოს მოსაზრებები და კომენტარები კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მათი შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე აღებულ სახელმწიფოს ვალდებულებებთან. სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ექცევა ეუთოს მანდატის ქვეშ და წარსულში მათ ამ მიმართულებით არაერთი მოსაზრება აქვთ მომზადებული. იმედს ვიტოვებთ, შესაძლებელი იქნება დაჩქარებულ რეჟიმში კანონპროექტის შესახებ მოსაზრებების მომზადება და წარმოდგენა.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო იქნება მიღებული, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)