ახალი ამბები

სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 1 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო.

სახალხო დამცველმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც აუცილებლად მიაჩნია, რათა პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილმა კანონპროექტმა გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა უზრუნველყოს.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა შერჩევის კრიტერიუმებზე, კენჭისყრის ფარულობაზე, ინტერესთა კონფლიქტზე და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობაზე. ასევე, აღინიშნა მოსამართლეთა არჩევის პროცესში პარლამენტის როლი და ამ პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელების პროცესში დახმარების მიზნით ჩამოვიდა და საქართველოს პარლამენტს წევრებსა და რეფორმის პროცესში ჩართულ პირებს შეხვდა.

იმედს ვიტოვებთ, მოსაზრების წარმოდგენის დროს მაქსიმალურად იქნება გაზიარებული საქართველოს კონტექსტი და არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში თავის მოსაზრებებს წერილობითაც გადაუგზავნის კომისიას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)