ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფს უხელმძღვანელებს

2019 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან კოხოძე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სამუშაო ჯგუფი 23 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე საქმიანობის კოორდინირება, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების საკითხზე ინსტიტუტებს შორის კარგი პრაქტიკის იდენტიფიცირება, განვითარება და ხელშეწყობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შშმ პირთა უფლებების კონვენციის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში 2015 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამართული შეხვედრის დროს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დანერგილი შშმ პირთა უფლებების კონვენციის ეროვნული მონიტორინგის მექანიზმი ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა, მასში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის სტაბილური ფორმატის უზრუნველყოფის კუთხით.

ამ დრომდე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფს დიდი ბრიტანეთის თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენელი სარა ბრუნეტი ხელმძღვანელობდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება