ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დღესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ვეტერანთა დღეს ულოცავს ყველა ვეტერანს და მადლობას უხდის მათ სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისა და თავდადებისთვის. ყოველი ვეტერანი მისი ღვაწლით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და წარმოადგენს მაგალითს მომავალი თაობებისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ყურადღებას აქცევს ვეტერანთა უფლებების დაცვას; ცდილობს ვეტერანებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას.

2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, როგორიცაა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გაზრდა. საქართველოს პარლამენტმა, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დავის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ დადგენილებაში, გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისი შესრულება დაავალა. აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ, ეს საკითხი ამ დრომდე არ გადაწყვეტილა.

ამავდროულად, საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 14 მაისის N222 დადგენილებით განხორციელდა ცვლილებები და სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი არაერთი წელი მიმართავდა საქართველოს მთავრობას ამ რეკომენდაციით და საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ.

აქვე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა 2007 წლიდან დღემდე არ გაზრდილა. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ კანონის პირველადი ვერსიის მიხედვით, ვეტერანებისთვის გათვალისწინებული იყო მთელი რიგი სოციალური გარანტიები, რომელიც მათთვის ქმნიდა ღირსეულ პირობებს, თუმცა წლებთან ერთად გარანტიების ჩამონათვალი შემცირდა და მხოლოდ მინიმალური დახმარების პაკეტი დარჩა, რომელიც ვეტერანთა დღევანდელ საჭიროებებს არ პასუხობს.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ვეტერანთა უფლებების დაცვაზე ზრუნვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)