ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა

2020 წლის 16 იანვარს პარიზში (საფრანგეთში) გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა. სხდომაზე მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებმა ტიტუს კორლატინმა და კლოდ კერნმა. მათი შეფასების მთავარი საგანი იყო საარჩევნო კანონმდებლობა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა.

საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელმაც ევროსაბჭოს მომხსენებლებთან შეხვედრა გამართა 2019 წლის 17 სექტემბერს თბილისში.

მონიტორინგის კომიტეტის 2020 წლის 16 იანვრის სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ წარადგინა მოსაზრება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების შესახებ სამი მიმართულებით:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა - ამ მიმართულებით ხაზი გაესვა იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც არსებობს კანონმდებლობაში. დამატებით მიმოხილულ იქნა ის ხარვეზები, რომლებიც გამოვლინდა მონიტორინგის პროცესში (ფარული კენჭისყრა, საბჭოს წევრთა შეთანხმებული საქმიანობა, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები და სხვა). განსაკუთრებულად აღინიშნა სასამართლოს ე.წ. შიდა დამოუკიდებლობის პრობლემა და ამ თვალსაზრისით სასამართლოს შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფის არსებობა და მისგან მომდინარე საფრთხეები.
  • საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნები და გამოძიებები, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა პოლიტიკურად აქტიური პირს. აღინიშნა ის შეფასებები, რომელიც ჩვენს მიერ გაკეთდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის შესწავლის შედეგად. ბოლოს მიმოხილულ იქნა საქართველოს პროკურატურის საქმიანობა და ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2020 წელს ახალი გენერალური პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს მაქსიმალური პოლიტიკური კონსესუსით, რათა პროკურატურის დაბალი საზოგადოებრივი ნდობა გაიზარდოს.
  • მესამე საკითხად წარმოდგენილ იქნა საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე მსჯელობა. ხაზი გაესვა პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით მხარეებს და მისი დროულად შემოღების აუცილებლობას. აღინიშნა წინა არჩევნების გამოცდილება და ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემები და სისტემური გამოწვევები (ძალადობრივი გარემო, სიძულვილის ენა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არჩევნების მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა სოციალურ მედიაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა). სახალხო დამცველის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას და ამ მიმართებით გადადგამენ შესაბამის ქმედით ნაბიჯებს. საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის დეკემბერში მიმართა OSCE/ODIHR-ს სამართლებრივი მოსაზრების წარმოდგენის თხოვნით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონის პროექტთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დოკუმენტი დაეხმარება ამ პროცესს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტთან და თანამომხსენებლებთან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)