ახალი ამბები

სახალხო დამცველმა პროფესიულ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროება დაადგინა

2020 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა პროფესიულ ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ პარაგლაიდინგის კომპანია X Caucasus-ის დამფუძნებელს რეკომენდაციით მიმართა.

განმცხადებელი დასაქმებული იყო კომპანია X Caucasus-ში. სამუშაოს შესრულების მიზნით, კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად, სვანეთში, სადაც ის ორ კოლეგასთან ერთად ცხოვრობდა.

აღნიშნულ პერიოდში, კომპანიის დამფუძნებლის მხრიდან განმცხადებლის სექსუალური შევიწროება რამდენიმე ქმედებაში გამოიხატა. კერძოდ, შემავიწროებელი განმცხადებლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მის საძინებელ ოთახში შევიდა; მომდევნო დღეებში კი ,მოპასუხემ მსხვერპლს სექსუალური კავშირი შესთავაზა. აღნიშნულის შედეგად, განმცხადებელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, რადგან მუშაობის გაგრძელება მისთვის შეურაცხმყოფელი და დამაშინებელი იყო.

სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ მოპასუხისთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ სექსუალური ხასიათის შეთავაზებები განმცხადებლისთვის მიუღებელი იქნებოდა, რამდენადაც, მხარეებს შორის არ არსებობდა იმ ტიპის ურთიერთობა, რომელიც მოპასუხის საქციელს გაამართლებდა. რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმებული განსაკუთრებით დაუცველი იყო, როგორც ახალგაზრდა და დროებითი თანამშრომელი. ამასთან, ის სახლიდან ძალიან მოშორებით იმყოფებოდა, ფინანსურად სრულად კომპანიაზე იყო დამოკიდებული, რის გამოც, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეტოვებინა სვანეთი, სადაც თანამშრომლების გარდა არავის იცნობდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეების და მესამე პირების გამოკითხვაზე, ასევე, განმცხადებელსა და მოპასუხეს და კომპანიის სხვა თანამშრომლებს შორის არსებულ წერილობით კორესპონდენციაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა პროფესიულ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და მოპასუხეს მიმართა რეკომენდაციით, მომავალში, პროფესიულ ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამაშინებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)