ახალი ამბები

სახალხო დამცველმა თელავში შეხვედრები გამართა

2019 წლის 22 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუდენტებთან და პროფესორ–მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა თანასწორობის მნიშვნელობაზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზებზე და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახალხო დამცველის მანდატზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა თანახმად, კერძო პირებს სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ექნებათ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში კი, მისი განხილვისა და შედეგების სახალხო დამცველისათვის შეტყობინების ვალდებულება.

განიხილეს უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ადრეული ქორწინების შემთხვევათა პრევენციისა და ადრეული ქორწინების თანმდევი პრობლემების გადაჭრის საკითხები. სტუდენტები სახალხო დამცველისადმი მომართვიანობის მექანიზმითა და რეკომენდაციების შესრულების ხარისხით დაინტერესდნენ.

შეხვედრის მონაწილენი ასევე გაეცნენ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო ასპარეზზე სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუციის წარმატებებს.

მოგვიანებით, რეგიონში გამართული შეხვედრების შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიების მიზნით, სახალხო დამცველი კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს შეხვდა.

გუბერნატორთან საუბრისას სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე, ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ახალგაზრდათა ინტეგრაციისთვის კულტურულ–საგანმანათლებლო მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოებზე.

ასევე განიხილეს თვითმმართველობების მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად მოსახლების დაბალი ჩართულობის პრობლემები, რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები.

.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)