ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნაძალადევის რაიონში პანდუსების დამონტაჟებასთან დაკავშირებით

მედია–სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის გამგეობის ტერიტორიაზე, 4 საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ანალოგიური სამუშაოები გრძელდება სხვა კორპუსებშიც.

საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ამ კუთხით განხორციელებული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო რეგულაციებისა და ეროვნულ კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

გავრცელებული ფოტო და ვიდეო–მასალიდან ნათლად ჩანს, რომ დამონტაჟებული კონსტრუქცია არ შეესაბამება უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტს და ვერ უზრუნველყოფს პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას.

საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადაპტაციის, ინდივიდუალური განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

აღნიშნული დოკუმენტით დადგენილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს სტანდარტების გათვალისწინება პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში. ამასთან, მნიშვნელოვანია შენობა-ნაგებობების დაპროექტება განხორციელდეს უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.

რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველა პირისთვის, რომელიც ამუშავებს დასახლებულ ადგილთა გეგმარებისა და განაშენიანების პროექტებს ან ახდენს მათ რეალიზაციას, გარდა ამისა, სისრულეში მოჰყავს საპროექტო დოკუმენტაცია.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის (UN CRPD) თანახმად, აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემოს, ჯანდაცვისა და განათლების, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, რაც მათ საშუალებას აძლევს სრულყოფილად ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებითა და ფუნდამენტური თავისუფლებით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ნებისმიერი საქმიანობის ფარგლებში, მკაცრად დაიცვან საკანონმდებლო აქტებით დაწესებული მოთხოვნები.

თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახლო მომავალში გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)