ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის 17 ივლისის რეკომენდაცია მოქალაქე გ.გ.–ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების კანონიერებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაციის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარე წლის 3 აგვისტოს განთავსდა (იხ. სახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაციით მიმართა).

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მიდგომა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ იმგვარი შემზღუდველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისას, როგორიც არის მოქალაქისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან ერთად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული პრინციპებითა და ადმინისტრაციულ ორგანოთათვის დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ჩაბარებისა და აღსრულების ფორმალური საერთო წესით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანის უფლებათა მაქსიმალური დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველი მითითებულ რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ საპატრულო პოლიციის დადგენილებების გაუქმებით იქნებოდა შესაძლებელი მოქალაქე გ.გ.–ს დარღვეული უფლებების აღდგენა, რაც სამწუხაროდ არ იქნა გაზიარებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)