ახალი ამბები

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ნიკანორ მელიას საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 28 ნოემბერს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა საქართველოს პარლამეტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები არაპროპორციულად არ ზღუდავდეს კანონმდებლობით დადგენილი და საპარლამენტო მანდატით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

სასამართლოს განჩინებებით, პარლამენტის წევრს აკრძალული აქვს საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება და საჯარო განცხადებების გაკეთება. საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ისეთი ელემენტარული უფლებამოსილებაც კი, როგორიცაა პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობაში მისვლა, ნიკანორ მელიას მხოლოდ გენერალური პროკურატურის კეთილი ნების საფუძველზე ეძლევა. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისეთი საპარლამენტო საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, როგორიცაა საჯარო განცხადებების გაკეთების უფლება, ასევე სატელევიზიო ეთერში მისვლის გამო პროკურატურის გაფრთხილება. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა შეეძლოს პარლამენტის წევრს აღნიშნულის გაკეთება არა საკუთარი სახლიდან, არამედ ტელეკომპანიის შენობიდან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლების არსებითი შეზღუდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და არ უნდა ზღუდავდეს თავისუფალ პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში. ვენეციის კომისიის თანახმად, პარლამენტარის გამოხატვის თავისუფლება საპარლამენტო იმუნიტეტის უმნიშვნელოვანეს სუბიექტს წარმოადგენს. სიტყვის თავისუფლება წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის კიდევ უფრო აღმატებული შინაარსისა და დაცვის მქონეა, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქისთვის.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც განსაკუთრებული ლეგიტიმაციით სარგებლობენ დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული პირები, ხოლო სახალხო ლეგიტიმაციის მქონე არჩეული თანამდებობის პირების მიმართ უფლებამოსილების შეზღუდვას განსაკუთრებული საფუძველი და დასაბუთება ესაჭიროება.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცული საპარლამენტო მანდატის განსაკუთრებული არსი და დამატებითი ვალდებულებების დაკისრებისას მხედველობაში იქონიოს ის როლი, რომელსაც წარმომადგენლობით დემოკრატიაში თითოეული პარლამენტარი ასრულებს. პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს საცხოვრებელი სახლიდან პარლამენტში თავისუფლად მისვლა და საჯარო განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, ამჟამად ნიკანორ მელიასთვის გამოხატვის უფლების შეზღუდვის დაწესებით შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელების არაპროპორციულ შეზღუდვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება