ახალი ამბები

სახალხო დამცველი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2015 წლის 25 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჯაკობ კულანეკს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე, საპარლამენტო მდივანი ეკატერინე ფოფხაძე და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით.

ომბუდსმენმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ცვლილებებს, რომელიც ბოლო პერიოდში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მართლმსაჯულების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა.

ყურადღება გამახვილდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, დახურულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებზე, უმცირესობების უფლებებზე და მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც იგი იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის მოწვევით. 26–27 მარტს ომბუდსმენი ჩეხი კოლეგის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)