ახალი ამბები

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

2020 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკს შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებთ ინსტიტუტის მანდატი გააცნო და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც განიხილა. სტუმარმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა კოვიდ 19-ის პანდემიის გავლენაზე საარჩევნო პროცესების, შშმ პირთა, ეროვნული უმცირესობების, დევნილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საარჩევნო უფლებების რეალიზაციის მიმართ; წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე და აპარატის მიერ გაწეულ შემდგომ ღონისძიებებზე. ისაუბრეს სახელმწიფო ინსტიტუციების - ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პროკურატურისა და საგამოძიებო სტრუქტურების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და გიორგი ბურჯანაძე, ეუთოს ანალიტიკოსი იურიდიულ საკითხებში მარლა მორი და ასისტენტი ანა კაკალაშვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)