ახალი ამბები

შეხვედრა გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან ჟენევაში

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ახლადშექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის პრინციპები და სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტთა განახლებული შემადგენლობა განიხილეს.

უჩა ნანუაშვილმა გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა სპეციალური ანგარიშების მნიშვნელობას, რომელიც უკვე წელიწადში რამდენჯერმე ქვეყნდება და დახურულ დაწესებულებებში გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტის მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

გაეროს წამების ქვეკომიტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ომბუდსმენის აპარატის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნის ფაქტი, რომელიც დახურულ დაწესებულებებში ფოტო გადაღებას და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე წვდომას გულისხმობს.

გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებმა პრევენციის ეროვნულ მექანიზმსა და ომბუდსმენის აპარატს სრული მხარდაჭერა აღუთქვეს და საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმატებული გამოცდილების სხვა ქვეყნებში გაზიარების ინიციატივით გამოვიდნენ.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)