ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში - „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“

2020 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარადგინა სპეციალური ანგარიში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“. ანგარიში მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის „ბავშვის უფლებები ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში და ასახავს საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა.

„მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს. თუმცა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს,“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან უსაფრთხო და მასტიმულირებელ გარემოში, რისთვისაც აუცილებელია ადეკვატური ჰიგიენური პირობები, ინფრასტრუქტურა, კვება და ძალადობისგან დაცვა. 2017 წელს ეროვნული სტანდარტების მიღების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები, ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. COVID-19 პანდემიის ფონზე, ეს საკითხები კიდევ უფრო პრობლემატურია და შეიძლება დამატებითი ბარიერი გახდეს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისთვის,“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ემი კლენსიმ.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები უმთავრესად ეხება სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტარსა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს; კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების სიმცირე.

კვლევის მიგნებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა და მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ლიკა ღვინჯილიამ წარადგინეს.

ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში
  • საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას
  • საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად
  • არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით
  • საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით
  • სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით
  • აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას
  • შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი
  • პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.

სახალხო დამცველი იმედი გამოთქვამს, რომ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება