ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება გამოქვეყნდა

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, რომელიც დღეს, 2019 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა და საჯაროდ ხელმისაწვდომია. სახალხო დამცველი მადლიერებას გამოხატავს საერთაშორისო პარტნიორის მიმართ ღირებული დოკუმენტის მომზადებისთვის, ასევე, საგრძნობლად მოკლე ვადებში გაწეული ასეთი მნიშვნელოვანი შრომისა და ძალისხმევის გამო. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს აღნიშულ მოსაზრებებს.

დოკუმენტის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ უაღრესად ავტორიტეტული ექსპერტები: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ანდრაშ შაიო, იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიშელ რივე და მოსამართლეთა ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი და მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი ვიზე-პრეზიდენტი ჟოზე იგრეია მატოსი. დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული კანონპროექტის შესაბამისობა საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან, ნორმებთან და პრაქტიკებთან, ისევე როგორც ეუთოს ფარგლებში ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან.

სამართლებრივი მოსაზრება დეტალურად ჩამოთვლის კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს, შეუსაბამობებს და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • უნდა გაიზარდოს კანდიდატებისაგან მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა და გაუქმდეს გამოცდების ჩაბარების მოთხოვნა მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებისათვის.
  • ფარული კენჭისყრა, რომელსაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ შეესაბამება დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემას. საბჭომ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები და უნდა არსებობდეს მათი გასაჩივრების შესაძლებლობა. კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს შერჩევის ნათელი კრიტერიუმები შერჩევის ყველა ეტაპისათვის და დაკონკრეტდეს, რომ ნომინირებული კანდიდატი უნდა იყოს ყველაზე კვალიფიციური სხვა კანდიდატებს შორის.
  • შემოღებულ იქნას დამატებითი მოთხოვნები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, უფლებების სფეროში ვრცელი ექსპერტიზის ჩათვლით. მოსამართლეთა შერჩევა უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე და შემოღებულ იქნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას უფრო დაბალანსებულად, გენდერისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი, არც ერთ ეტაპზე არ უნდა მონაწილეობდეს შერჩევის პროცესში ან უნდა გადადგეს, სანამ თავის კანდიდატურას წამოაყენებს;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც იქნება საჯარო;
  • უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები;
  • პარლამენტს ამ პროცესში უნდა ჰქონდეს ზედამხედველობის ფუნქცია, რათა შეამოწმოს მთლიანი პროცესის კანონთან შესაბამისობა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალე პროცედურები და გარანტიები იმაში დასარწმუნებლად, რომ კანდიდატების ნომინირებისა და დანიშვნის გადაწყვეტილებები ექსკლუზიურად ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს, მათ შორის, განისაზღვროს, ექნება თუ არა სამუშაო ჯგუფს კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების საშუალება;
  • სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მოიცავდეს ეფექტურ კონსულტაციებს, ასევე რეფორმის ზეგავლენის სრულ შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჩათვლით. კანონშემოქმედების ყველა ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული საკმარისი ვადები ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმართ, გაწეული სამუშაოს გამო. მათ მიერ მომზადებული მოსაზრება დაეხმარება ქვეყანას მოცემული მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვისათვის. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ნაჩქარევად არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსა და მთლიანად სასამართლო სისტემის ბედს მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ არსებული კანონპროექტი საფუძვლიანად გადამუშავდეს, გაზიარებულ იქნას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება და ვენეციის კომისიის დასკვნა და არსებული პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

იხილეთ დასკვნის სრული ვერსია:

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)