ახალი ამბები

წინადადება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარეებს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური უფლებების რეალიზაციისთვის ეფექტური ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ.

გამყოფი ხაზის მიმდებარე, შიდა ქართლის ბევრ სოფელში კვლავ ვერ ხერხდება სუფთა სასმელი წყლის მიწოდება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, წყალი მიკრობიოლოგიურად არის დაბინძურებული კასპის რაიონის სოფელ ხვითში, სადაც 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აშენდა წყლის ახალი რეზერვუარი. დამოუკიდებელმა ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რეზერვუარის ფსკერისა და კედლების ბეტონის საფარი დარღვეულია, ჭა არ იკეტება ჰერმეტულად და ნალექის დროს მასში ზედაპირული ჩამონადენი ხვდება.

ასევე მწვავედ დგას საკუთრებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების საკითხი, განსაკუთრებით კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში, რომელიც 2012 წლამდე ოკუპირებული იყო. ამის გამო, ომის შემდეგ არ მომხდარა ამ სოფელში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს მუდმივად სოფელში დაბრუნებას.

გამყოფი ხაზის მიმდებარე ზოგიერთი სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს უსაფრთხოების საკითხი, რაც გამოიხატება შეზღუდულ მობილურ კავშირში და პოლიციის საგუშაგოების ნაკლებობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

წინადადებაში ასევე აღინიშნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა, სკოლის და გზის პრობლემა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში და ინფრასტრუქტურული პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში.

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოს ხელისუფლებას აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას სათანადო რესურსების არმქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, მიმართოს შესაბამისი ძალისხმევა ამ უფლებების პრაქტიკული რეალიზაციისკენ, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს სახელმწიფოში სოციალურ თანასწორობას.

კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა კომისიას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართა:

  • შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში გამოიყოს ფინანსური სახსრები ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისათვის, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტს სოფელ ზარდიაანთკარში
  • მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებულ შესაბამის სოფლებში მობილური ან ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად
  • მოხდეს ომით დაზარალებული ბავშვების ტრამვირების ხარისხის შეფასება და სპეციალური სასკოლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვთა სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისაკენ
  • მოეწყოს დამატებითი საგუშაგოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანსადაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში
  • კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა უზრუნველყოფილ იქნას სუფთა სასმელი წყლით. კონკრეტულად კი, ჩატარდეს სასმელი წყლის სისტემების რეგულარული მოვლა-პატრონობა და ეს ღონისძიებები დაევალოთ შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს; მოხდეს წყლის ეფექტური გაუსნებოვნება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #62 დადგენილების შესაბამისად („ტექნიკური რეგლამენტი: ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასოფლო-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის წესები“); მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება წყლის ხარისხთან დაკავშირებით
  • პრიორიტეტულად აშენდეს სოფელ ატოცის საჯარო სკოლის შენობა და აღდგეს სოფლამდე მისასვლელი გზა; დროულად გააუმჯობესოს სოფელ ხურჩას სოციალური ინფრასტრუქტურა, კონკრეტულად კი სკოლისა და ელექტროსადენების რეაბილიტაციის კუთხით.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)