ახალი ამბები

ზოგადი წინადადება სქესის ნიშნით დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებასთან დაკავშირებით

2020 წლის 20 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე, ზოგადი წინადადებით მიმართა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს.

ზოგადი წინადადების გამოცემის საფუძველი გახდა შალვა ნათელაშვილის მიერ 2020 წლის 13 მაისს ფეისბუკის გვერდზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც იგი გაუპატიურების სისხლისსამართლებრივი რეგულირების ცვლილებას გამოეხმაურა: „ესაა სრული იდიოტიზმი. ჯერ გაუპატიურების მუხლით აღძრულ უამრავ საქმეზე, იგივე ჩემი გამომძიებლობის პერიოდში, საბოლოოდ დგინდებოდა, რომ ე.წ მსხვერპლი თვითონ იყო მაპროვოცირებელი, ან პროვოკატორი რაიმე სარგებლის გამოსაძალად ან ცოლად გასაყოლად. ამ ფორმულირებით კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება დაიჭირონ თუ ე.წ „დაზარალებულს" ნებისმიერ დროს ეს მოეხასიათება.“

არსებული კონტექსტისა და მოპასუხის სტატუსის გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით, არგუმენტაცია, რომელიც შალვა ნათელაშვილმა გამოიყენა საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკის მიზნით, ახალისებს ზოგადად ქალთა მიმართ დისკრიმინაციას და განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს ძალადობა გამოვლილ ან/და ძალადობის სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მიუღებელია, თუნდაც ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში, მისი განზოგადება და პრობლემის წარმოჩენა ისე, თითქოს გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, როგორც წესი, პირადი მიზნებით მოქმედებენ და უმეტეს შემთხვევაში, დანაშაულს ადგილი არ აქვს. სახალხო დამცველის შეფასებით, შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება მიჩნეული ობიექტურ, პროფესიულ კრიტიკად და განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებით.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა შალვა ნათელაშვილს მოუწოდა, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვას.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)