კონკურსის გამარჯვებულები

კონკურსი „მე–ომბუდსმენი 2014“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება

2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2014“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო კონკურსის ინიციატორი, სახალხო დამცველის ყოფილი მრჩეველი და ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

2014 წელს კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ მეხუთედ გაიმართა. საინფორმაციო კამპანია სექტემბერში დაიწყო. სკოლებში გავრცელდა პლაკატები, ინფორმაცია გავრცელდა ასევე ბეჭდური და ელექტრონული მედიით. 6 ოქტომბერს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია. პირველ ტურში რეგისტრაცია 500–მდე გუნდმა გაიარა. მეორე რაუნდში 35 გუნდი - 70 მოსწავლე გადავიდა. ხოლო მესამე, საფინალო რაუნდში 17 გუნდი და შესაბამისად 34 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

სახალხო დამცველმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ კონკურსი „მე - ომბუდსმენი“ მნიშვნელოვნად ამაღლებს ახალგაზრდა თაობის ცოდნას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. „ამ კონკურსში მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, ვინაიდან მიღებული ცოდნა და ინტერესი მომავალში დიდი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მე თქვენში მომავალ ადამიანის უფლებათა დამცველებს ვხედავ“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„თქვენ სამოქალაქო განათების კლუბის წევრები ხართ, თქვენ უკვე ლიდერები ხართ“, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოსწავლეებს გამარჯვება და ზოგადად ქვეყანაში მოსწავლეთა აქტიურობის ზრდას გაუსვა ხაზი.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა კონკურსის მნიშვნელობა ისაუბრა. აღნიშნა, რომ ასეთი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. „სახალხო დამცველი არის სრულიად დამოუკიდებელი და მაღალი კომპეტენციის მქონე ინსტიტუტი, რომელთან თანამშრომლობაც ჩვენთვის საამაყოა“, – განაცხადა ბატონმა ელჩმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონკურს „მე–ომბუდსმენის“ ინიციატორმა და დამფუძნებელმა არჩილ თალაკვაძემ მოსწავლეებს კონკურში მონაწილეობა მიულოცა, და აღნიშნა, რომ ფინალში გასული მოსწავლეებისთვის ყველაზე მთავარი საჩუქარი მიღებული ცოდნა, თავდაჯერებულობა და იმის შეგრძნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ცოდნით, შრომითა და მიზანსწრაფულობით სასურველ შედეგს მიაღწიო და გაიმარჯვო.

კონკურსში „მე-ომბუდსმენი 2014“ პირველი ადგილი ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თათია ბოლქვაძემ და ნინო ბერიძემ დაიკავეს (გუნდი „ხოჭოები“); მეორე ადგილზე გავიდნენ ლუკა აშხატოევი და მარიამ გოგიჩაიშვილი, თბილისის #36 საჯარო სკოლის მოსწავლეები (გუნდი „Libertasi“); ხოლო მესამე ადგილი ხაშურის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ ნოზაძესა და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ კახოიძეს ერგოთ (გუდი „Mex.“).

პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები (hp), მეორე ადგილზე გასულებმა პლანშეტური კომპიუტერები (iPad Air) და მესამე ადგილზე გასულებმა მინი პლანშეტური კომპიუტერები (iPad mini).

ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ მარიამ ტყებუჩავამ, მარიამ წივილაშვილმა, მარიამ იმერლიშვილმა, თამარ ხატისაშვილმა, მარინა კაპანაძემ, ნათია ჭიღლაძემ, ლანა სირბილაძემ, თამთა შავიანიძემ, მარიამ ანთაძემ, ელენე ქოიავამ, ელისაბედ შურღულიამ, ვერიკო მეტაქსამ, გიორგი დოლბაიამ, მარიამ დოლბაიამ, ანი ბართიამ, თინათინ გვაზავამ, გიორგი ჩანქსელიანმა, ანასტასია პანაიოტიმ, გიორგი იაკობაშვილმა, ხატია ჭიღლაძემ, ანა ხითარიშვილმა, თინათინ ხითარიშვილმა, ლალი ჭიღლაძემ, რატი ნადირაძემ, ლუკა წურწუმიამ, თამუნა პაპასკირმა, ოთარ ბენდელიანმა და ანი ხაინდრავამ სამახსოვროდ სერტიფიკატები და საკანცელარიო ნივთებით სავსე ზურგჩანთები მიიღეს.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.

„მე-ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენს სახალხო დამცველს უწოდებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ადამიანის უფლებების დარღვევა გლობალურ პრობლემად რჩება. სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას, სხვა მექანიზმებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურის არსებობა წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)