კონკურსის გამარჯვებულები

კონკურსი „მე–ომბუდსმენი 2015“ – გამარჯვებულთა დაჯილდოება

2016 წლის 20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2015“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს.

2015 წელს კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ მეექვსედ გაიმართა. თამაში 26 ოქტომბერს დაიწყო და რეგისტრაცია 291 გუნდმა – 582 მოსწავლემ გაიარა. პირველი და მეორე ტურის გავლის შემდეგ, მესამე, საფინალო რაუნდში მხოლოდ 11 გუნდი და შესაბამისად 22 მოსწავლე გავიდა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

„მე - ომბუდსმენი“ მნიშვნელოვნად ამაღლებს მოზარდთა ცოდნას ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და კონკურსში მონაწილეთა რაოდენობის ზრდა იმის მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს დემოკრატიული ღირებულებებისადმი“, – განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ და გამარჯვება მიულოცა ფინალში გასულ მოსწავლეებს. პაატა ბელთაძემ, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს კონკურსის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერისათვის.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ევროპული ღირებულებების დანერგვის თვალსაზრისით კონკურსის მნიშვნელობაზე და საქართველოში ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ასეთი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრიორიტეტულობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სასკოლო განათლების ფარგლებში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების აღზრდის მეთოდებს და მათ შორის კონკურსების, შეჯიბრებისა თუ ტრენინგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონკურსის ინიციატორმა და დამფუძნებელმა, სახალხო დამცველის ყოფილმა მრჩეველმა და ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნა ახალ თაობას საშუალებას მისცემს გულგრილად არ აღიქვას ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. „თქვენ ხართ ხვალინდელი საქართველოს სახე და ის ადამიანები, რომლებმაც ხმა უნდა აიმაღლოს უსამართლობის წინააღმდეგ“.

კონკურსში „მე-ომბუდსმენი 2015“ პირველი ადგილი ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ წულუკიძემ და ნესტან ვარშანიძემ დაიკავეს (გუნდი „ბონუსი“); მეორე ადგილზე გავიდნენ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავთო თავდიშვილი და ელენე ჩავლეიშვილი (გუნდი „რა“), ხოლო მესამე ადგილი ბათუმის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ გვარიშვილსა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს თამთა კახაბერიძეს ერგოთ (გუნდი „მთვარე“). მათ საჩუქრად ლეპტოპები და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ.

ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ: მარიამ კალმახელიძემ, თეონა კუპატაძემ, ივანე ხითარიშვილმა, ნიკა ჩიტაშვილმა, ლიკა ფირცხალაიშვილმა, ნუნუ ხალვაშმა, ედიშერ ბიბინეიშვილმა, ვიქტორია ბარათაშვილმა, ზეინაბ საგინაძემ, ჯანიკო საგინაძემ, ზურაბ თავართქილაძემ, თათია ქილიფთარმა, თამუნა ჭაღალიძემ, იაკობ მახარაძემ, ნინო ჯანელიძემ და ლია ჯოხაძემ სამახსოვროდ სერტიფიკატები, ივანე ჯავახიშვილის წიგნი „ქართველი ერის ისტორია“, ჩანთები და სხვა საჩუქრები მიიღეს.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.

„მე-ომბუდსმენი“ სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენს სახალხო დამცველს უწოდებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ინსტიტუტია, რომელიც ზედამხედველობს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ადამიანის უფლებების დარღვევა გლობალურ პრობლემად რჩება. სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას, სხვა მექანიზმებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურის არსებობა წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ამ კულტურის გავრცელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება.

20.01.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)