ყველა რეკომენდაცია

სახალხო დამცველის გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე

2020 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა თანასწორობის საკითხებზე 5 გადაწყვეტილება გამოსცა, რომელიც სექსუალურ შევიწროებას, სუროგაციისას დეკრეტული შვებულებით სარგებლობას და ქალის საშვილოსნო მილების სტერილიზაციას შეეხება.

  • სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა 3 შემთხვევაში, მათგან ორი - შრომით ურთიერთობაში, ხოლო ერთი - სამედიცინო მომსახურების მიღებისას. ერთ-ერთ შემთხვევაში მოპასუხე მსხვერპლს, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, სექსუალურ კავშირს სთავაზობდა. მეორე შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა არასასურველ პირადი ხასიათის კითხვებს/კომენტარებს და დავალების მიცემას. ორივე შემთხვევაში მსხვერპლები იძულებული გახდნენ სამსახური დაეტოვებინათ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებისას განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებას, ექიმი პაციენტებთან არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს ამყარებდა, რაც მის კომპეტენციას ცდებოდა (მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმა სამედიცინო კლინიკამ ექიმის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარების მზადყოფნა გამოთქვა).
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიმართ გაცემულ ზოგად წინადადებაში დისკრიმინაციულად შეფასდა ის, რომ სუროგატ ქალს და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლებს ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვთ.
  • სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს „ჩაჩავას კლინიკას,“ ვინაიდან მიიჩნია, რომ საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) პროცედურის ჩასატარებლად, კლინიკის მიერ ქალისთვის მეუღლის წერილობითი თანხმობის მოთხოვნა დისკრიმინაციულია.

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ქალთა და სხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)