ყველა რეკომენდაცია

სახალხო დამცველმა დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

2020 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა დოქტორანტურის სტუდენტის განცხადება, რომელიც მიუთითებდა, რომ ვერ სარგებლობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით, ვინაიდან შესაბამისი მოწესრიგებით, ე.წ. „სტუდენტური პაკეტის“ მოსარგებლეთა წრე განისაზღვრება სტუდენტებით, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.

შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და არსებული სოციალური შეღავათების ანალიზის შედეგად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დოქტორანტურის და სხვა აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურის სტუდენტები არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები არიან სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულის მიუხედავად, განმცხადებელს, როგორც დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს, არ ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს სტუდენტებისთვის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების საშეღავათო პირობებით, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს.

საქმის შესწავლის პროცესში, განსხვავებული მოპყრობის ერთადერთ საფუძვლად საბიუჯეტო ასიგნებების შეზღუდულობაზე გაკეთდა მინიშნება, რაც, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებით, გონივრულ გამართლებად ვერ ჩაითვლება. შესაბამის უწყებებს არ წარმოუდგენიათ რაიმე ტიპის სხვაგვარი დასაბუთება, რომელიც სტუდენტთა კონკრეტული წრეების საჭიროებაზე მიუთითებდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მათთვის გათვალისწინებული შეღავათების განსაზღვრის მიზნებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს, არსებული სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის შეღავათები და სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ე.წ. „სტუდენტური პაკეტი“, ხელმისაწვდომი გახადონ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების სხვა საფეხურების სტუდენტთა თანასწორად და მომავალში, სოციალური/ჯანმრთელობის დაცვის შეღავათების დაგეგმვისას და სახელმწიფო პროგრამების შემუშავების პროცესში იხელმძღვანელონ თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)