რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას დაიწყონ ინიცირება შრომის უფლების ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის – დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), №129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), №155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების მიზნით.

დასაქმებული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც მატერიალურ დოვლათს ქმნის, ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და ის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

შრომის უფლება, როგორც წესი, არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმების, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და სათანადო პირობების უფლებას. შრომის უფლების განუყოფელი კომპონენტია დასაქმებულის უფლება უზრუნველყოფილი იყოს შრომის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოთი. ეს უფლება განმტკიცებულია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო დონეზე არ არის შემუშავებული შრომის, ჯანმრთელობისა და სამუშაო გარემოს შესახებ თანმიმდევრული ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისად, არ არსებობს მონიტორინგის მექანიზმი, რამდენად არის დაცული სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემო.

2007 წლიდან მოყოლებული, ფატალური შემთხვევებისა და დაზიანების კატასტროფულად მზარდი ტენდენციაა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა 137, გარდაცვლილთა რაოდენობა - 54.

საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიზნით სათანადო პირობების შესაქმნელად აუცილებელია არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. ასევე, უახლოეს მომავალში უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციის (მაგალითად, როგორიცაა შრომის ინსპექცია) შექმნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დასაქმებულებს მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)