რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა ქაცარავას, უზრუნველყოს წარმომადგენლობითი კომისიის მიერ შერჩეული ბენეფიციარების დროული შესახლება სოციალურ საცხოვრისში და საცხოვრისში თვითნებურად განსახლებული თავშესაფრის არმქონე პირების უზრუნველყოფის მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი სათანადო საცხოვრებლის უფლება.

2013 წლის 23 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა : თ. მ.-მ, რ. ფ.-მ, გ. კ.-მ, შ. შ.-მ, ლ. წ.-მ და სხვებმა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით.

განმცხადებლები წარმოადგენენ ქ. თბილისის მერიის და „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ ერთობლივი პროექტის (სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში) ფარგლებში, სოციალური საცხოვრისისათვის შესარჩევი ბენეფიციარი ოჯახების წარმომადგენლობითი დროებითი კომისიის მიერ შერჩეულ ბენეფიციარებს.

წარმოდგენილი დოკუმენტაციებით ირკვევა, რომ სოციალური საცხოვრისის მფლობელსა (თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი) და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს შორის 2013 წლის 22 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება სოციალური საცხოვრისის ბინით დროებითი სარგებლობის შესახებ.

აღნიშნული ხელშეკრულების 5.2.2 პუნქტი ითვალისწინებს, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას ბენეფიციარის ან/და მისი ოჯახის წევრების მიერ, ხელშეკრულების დადების მომენტიდან 10 კალენდარულ დღეში, დროებით საცხოვრებელ ბინაში შეუსახლებლობის შემთხვევაში.

განმცხადებლების განმარტებით, ისინი ვერ ახერხებენ აღნიშნულ სოციალურ საცხოვრისში შესახლებას, ვინაიდან ის დაკავებული აქვთ სხვა პირებს. გარდა ამისა, განმარტავენ, რომ მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ბინის ქირის გადასახადი და ამიტომ ფაქტიურად დროებით თავშესაფრის გარეშე იმყოფებიან.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობა (პუნქტი 5.2.2) შესაძლოა დარღვეულ იქნეს ბენეფიციარებისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რის გამოც, საფრთხე შეექმნება ბენეფიციარების მიერ სოციალური საცხოვრისის ბინით დროებით სარგებლობას. რაც, თავის მხრივ, ქ. თბილისის მერიის და „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო“-ს ერთობლივი პროექტის ეფექტურად განხორციელებას (სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში) ვერ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში აშენებულ საცხოვრისში, შეჭრილები არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ თავშესაფარი და ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ შესარჩევ ბენეფიციართა შორის, გარკვეული კრიტერიუმების დაუკმაყოფილების გამო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)