საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის ნოემბერი

2014 წლის 13 დეკემბერს სახალხო დამცველმა #10 საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. დოკუმენტში ერთად არის თავმოყრილი სახალხო დამცველის შეხვედრები, განცხადებები, შეხედულებები და დამოკიდებულებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი; სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა; საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებული სიახლეები.

ბიულეტენში ნოემბრის თვეში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით მთავარ მოვლენად მოყვანილია არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები სასჯელაღსრულების მე–8 დაწესებულებაში. კვლავ საგანგაშოა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას უმეტეს შემთხვევაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი ატარებს და არა მთავარი პროკურატურა.

ბიულეტენში საუბარია ტოლერანტობის საერთაშორისო დღეზე, რომელიც საკმაოდ მასშტაბურად ჩატარდა; ასევე ასახულია 25 ნოემბრიდან ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას.

ბიულეტენში შესულია სოციალურად დაუცველთათვის დახმარების რეკომენდაციები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებისადმი.

ნოემბერი შეხვედრებით დატვირთული თვე იყო. ბიულეტენში იხილავთ უკრაინის საპარლამენტო კომისრის ადამიანის უფლებების საკითხებში ვალერია ლუტკოვსკას და უკრაინის მთავრობისა და პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის დეტალებს; შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩთან იანუშ ჰერმანთან; სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობითა და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების და ოსური ფორუმის წევრების შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან.

ბიულეტენში იხილავთ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტის შექმნისა და ამოქმედების თაობაზე, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას გაუწევს მონიტორინგს. იქვე, სტატისტიკის ნაწილში ნახავთ, რომ პირველივე თვეში, თანასწორობის დეპარტამენტმა მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე უკვე 10 საქმეზე დაიწყო მუშაობა. ასევე, შეიტყობთ სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე სხვა ცვლილებების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება