საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა - 2016 წლის ოქტომბერი

საქართველოს სახალხო დამცველმა ოქტომბრის საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა. ბიულეტენში საუბარია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობაზე, გამოვლენილ დარღვევებსა და მათი დროული და ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე. დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ორი სპეციალური ანგარიში; ერთი მათგანი მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებს, მეორე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობას ქვეყანაში. ასევე, წარმოდგენილია ქმედუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმის კვლევა და მისი ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები.

ბიულეტენში ასახულია საჯარო დებატები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე, განხილულია რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების საკითხები.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც დარგის მოწვეულმა ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსხვილი კომპანიების ამოქმედებასთან ერთად ბიზნესის სექტორში ადამიანის უფლებების დაცვის ხარვეზების კიდევ უფრო გამწვავება აუცილებელს ხდის შრომის ინსპექციის ქმედითი მექანიზმის შექმნას. ამ პოზიციას ამყარებს სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების თვალსაზრისით არსებული შემაშფოთებელი რეალობა.

საინფორმაციო ბიულეტენში იხილავთ წარმატებით დასრულებულ საქმეებს, სადაც სახალხო დამცველის ძალისხმევით მოქალაქეებს დარღვეული უფლებები აღუდგათ. მათ შორის, დადგინდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის (პატიმრის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის) ფაქტი და დამნაშავეს დისციპლინური სახდელი შეეფარდა; მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში ჭიანურდებოდა; აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სახალხო დამცველის სამართლებრივი განმარტებები გაიზიარა, დაასრულა სააღსრულებო წარმოება და შესაბამის ორგანოებს მოქალაქის მიმართ გავრცელებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმართა; ბათუმის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული მასალები და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მტკიცებულებად მიიჩნია და ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნის ხელის შეშლის ფაქტზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების მასალებს დაეყრდნო.

ბიულეტენში შესულია სახალხო დამცველის საჯარო განცხადებები, ინფორმაცია სახალხო დამცველის შეხვედრებისა და ვიზიტების, დახურულ ინსტიტუციებში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ, ასევე კონკურსი „მე – ომბუდსმენის“ პირობები და მნიშვნელობა სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)