საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2017 წლის იანვარი

საქართველოს სახალხო დამცველმა იანვრის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, სადაც თვის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მთელს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი.

ბიულეტენში იხილავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა და ხელისუფლების ორგანოებს გაუგზავნა რეაგირებისათვის; გაეცნობით საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების, ასევე, ვიცე–პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძის რუსეთისთვის გადაცემის საფრთხესთან დაკავშირებით.

დოკუმენტში შესულია ინფორმაცია სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებული შეხვედრების, ღონისძიებების, წარმატებული ინდივიდუალური საქმეების შესახებ. შეიტყობთ, რომ სახალხო დამცველის ძალისხმევით აჭარის ორ სკოლაში მსურველებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა; გამოძიება დაიწყო, რამდენიმე სავარაუდო დანაშაულზე, მათ შორის არასრულწლოვანის ტრეფიკინგის, არასრულწლოვანზე ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე.

ბიულეტენში მოკლედ არის ასახული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰუმან რაითს ვოჩის“ წლიური ანგარიში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ის ინსტიტუციური ხარვეზები და საკანონმდებლო პოლიტიკაა განხილული, რომელთა ცვლილებების აუცილებლობაზეც სახალხო დამცველი წლებია საუბრობს. მათ შორის, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა, მოქმედი „რეპრესიული ნარკოპოლიტიკის“ უარყოფითი შედეგები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა ქსელებთან და სხვა მწვავე საკითხები.

უფრო დეტალურად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა საქმიანობისა და შემოსული განცხადებების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენში იხილეთ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)