საქმიანობის ანგარიშები.

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში

2016 წლის 9 თებერვალს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს სახალხო დამცველის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რომელიც ასევე, მოიცავს ინფორმაციას გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების შესახებ.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველისადმი მოქალაქეთა მომართვიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა და 8517 შეადგინა, გაძლიერდა ოფისის ადამიანური და ფინანსური შესაძლებლობები, გაღრმავდა და გაფართოვდა ურთიერთობები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან, ინტენსიური გახდა ადამიანის უფლებების სხვადასხვა აქტუალური მიმართულებების შესახებ სპეციალური ანგარიშების მომზადების პრაქტიკა, შენარჩუნდა მედია-საშუალებებში ოფისის საქმიანობის მაღალი გაშუქების ტენდენცია, რეგულარული სახე მიეცა საქართველოში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგს, გაძლიერდა სახალხო დამცველის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ამუშავდა 24 საათიანი ცხელი ხაზი, ამოქმედდა ადამიანის უფლებათა აკადემია.

მნიშვნელოვან მოვლენათა შორის აღსანიშნავია საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს სრულუფლებიან წევრად; ასევე, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმების შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებათშორის კომისიებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგი, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის ჯგუფში მუშაობა.

ოფისის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭა; გაფართოვდა სახალხო დამცველის წარმომადგენლობის არეალი რეგიონებში; გაგრძელდა ომბუდსმენის რეგულარული ვიზიტები რეგიონებში, სადაც ეცნობოდა ადგილზე არსებულ პრობლემებს ხვდებოდა მოსახლეობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

სხვადასხვა უწყებაში და კერძო პირებთან გაგზავნილი რეკომენდაციების, წინადადებებისა და ზოგადი წინადადებების შესრულების შესახებ ანგარიში 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.

2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია/წინადადებების რაოდენობა შემცირდა, ვინაიდან წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი სისტემური საკითხებისა და პრობლემების თავმოყრა საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშებში მოხდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა უწყებები ადეკვატურად რეაგირებდნენ სახალხო დამცველის მიმართვებზე და ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენა ხდებოდა სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის დაწყების ფარგლებში, რაც აღარ ქმნიდა რეკომენდაცია/წინადადების მომზადების აუცილებლობას.

2015 წლის განმავლობაში სულ გაიგზავნა80რეკომენდაცია/წინადადება, აქედან 5 გაცემული იყო კერძო პირებზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.

რეკომენდაცია/წინადადების შესრულების ხარისხობრივი კოეფიციენტის აღნიშვნისას საქართველოს სახალხო დამცველი მსჯელობს და იღებს მხედველობაში არა მხოლოდ ფორმალურ, ნორმატიულ კრიტერიუმებს, როგორიც არის რეკომენდაციაზე პასუხის გაცემის ფაქტი, პასუხის გაცემის ვადა, არამედ აფასებს უწყების მიერ შესრულებული მოქმედებების ეფექტურობას დარღვეული უფლებების აღდგენასთან მიმართებაში.

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი 80 რეკომენდაციიდან შესრულდა 40 (50%), ნაწილობრივ შესრულდა 14 (17%), პასუხი არ მოვიდა 26 (33 %) რეკომენდაციაზე.

წინა წლების მსგავსად, კვლავ მაღალია მიმართვიანობა საქართველოს მთავარი პროკურატურისადმი - 22 რეკომენდაცია/წინადადება, რომლიდანაც აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში სახალხო დამცველი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ მთავარი პროკურატურისადმი წარდგენილი რეკომენდაციები მოიცავს არა მხოლოდ გამოძიების დაწყებას, არამედ მისი ეფექტურად, დროულად ჩატარებას, რაც შესრულების ერთერთ ხარისხობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 2015 წელს პროკურატურის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციით დაწყებული გამოძიების ეფექტურობა მნიშვნელოვნად დაბალია.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები ასევე არ შეასრულეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თბილისის #115 საჯარო სკოლის დირექტორმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა და ახმეტის მუნიციპალიტეტმა.

სახალხო დამცველისთვის პასუხი არ მოუწოდებიათ და შესაბამისად, არ შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს შემდეგი უწყებებისა და თანამდებობის პირებისთვის გაგზავნილი რეკომენდაციები: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)