სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2019 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, იგი ითხოვდა, რომ დამსაქმებელს წახალისების გამჭირვალე და ცხადი კრიტერიუმები ჩამოეყალიბებინა, რათა გამორიცხულიყო სუბიექტური დამოკიდებულებებით წახალისების მექანიზმის გამოყენება თანამშრომლების მიმართ. გარკეეული პერიოდის შემდეგ, მოსარჩელე სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შევიწროებაზე, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმაზე. სახალხო დამცველმა განიხილა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის გამოვლენის ტესტი და ის კომპონენტები, რომელიც შევიწროების დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. ამასთან, სახალხო დამცველმა იმსჯელა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე.

სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე აღნიშნა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, კომპანიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის მიზნის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, იყო თუ არა კომპანიაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები ფინანსური მდგომარეობით განპირობებული, როგორც ამას მოპასუხე მიუთითებდა, თუ, მათ შორის, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)