სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ე.წ. „კაბელების“ საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. „კაბელების“ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმის – გაფლანგვის კონსტიტუციურობაზე, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონისმიერების პრინციპს.2016 წლის 31 აგვისტოს, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – გაფლანგვა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ნორმა ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად.

გაფლანგვისთვის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ–ერთი დანაშაულისთვის, აუცილებელია ნათლად განისაზღვროს, მნიშვნელოვანია თუ არა ანგარების მოტივი გაფლანგვის ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაუდგენელია აღნიშნული მოტივით მოქმედება, პრობლემურია ქმედების გაფლანგვად კვალიფიკაცია.

ამ კონკრეტულ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოტივი გავლენას არ ახდენს ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი ან/და კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უნდა იყოს განჭვრეტადი და უნდა იძლეოდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის წინასწარ შეცნობის შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი კი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს, კერძოდ ბუნდოვანია, ანგარების მოტივი არის თუ არა აუცილებელი გაფლანგვის ჩადენისთვის.

ასევე, ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ნივთის ან ქონებრივი უფლების „გამგებლობის“ საკითხი. ამ კონკრეტული მოსარჩელეების ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში თანხა ჩაითვალა მსჯავრდებულების „გამგებლობაში“ არსებულად, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად არ დადგინდა ჰქონდათ თუ არა მათ გაფლანგულად შერაცხული თანხის განკარგვის ან გამგებლობის უფლებამოსილება.

გაფლანგვის, როგორც დანაშულის ნორმატიული ბუნდოვანება გამყარებულია ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განვითარებული წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანი პრაქტიკითაც, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საჭიროებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს გაფლანგვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის კონსტიტუციურობა, კერძოდ აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონისმიერების პრინციპს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)