სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ბათუმის რაიონულ სასამართლოს

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - EMC დირექტორმა, თ. მ.-მ და სთხოვა სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩართვა ბათუმის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმეში.

მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთებოდა, რომ მოსარჩელე „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარეს რ. კ.-სა და შპს „M&B“-ის დირექტორს მ.ბ.-ს შორის 2014 წლის პირველ აგვისტოს 1 წლის ვადით დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ლ. ქ. N13, გადაეცა მოიჯარეს. მოსარჩელე გეგმავდა შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას, რომელიც მიზნად ისახავდა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მუსლიმი მოსწავლეებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას.

სარჩელში ასევე აღნიშნული იყო, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს, ქალაქ ქობულეთის მოსახლეობამ, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს, მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელშეშლის მოტივით, პანსიონთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი შენობის კარზე მიაჭედეს. შეკრების მონაწილეები საკუთარ განცხადებებში და ქცევაში ღიად ავლენდნენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ დამოკიდებულებებს და დემონსტრაციულად გამოხატავდნენ სიძულვილს ისლამის, როგორც დამპყრობელი რელიგიის მიმართ.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ შეკრების მონაწილეები აკონტროლებდნენ პანსიონის შენობაში გადაადგილების პროცესს. ამასთან, 15 სექტემბერს პანსიონის შესასვლელთან აღმართეს ხელოვნური ბარიკადები, ადგილზე მუდმივად მორიგეობდნენ და სისტემატურად უზღუდავდნენ პანსიონში შესვლის მსურველებს გადაადგილების თავისუფლებას, რასაც იძულებით, მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით ახორციელებდნენ.

ამას გარდა, სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს აქვთ ფამილიარული დამოკიდებულება მოპასუხეებთან, არ მოახდინეს ხელოვნური ბარიერების დემონტაჟი და არანაირი რეაგირება არ განახორციელეს გამოვლენილ სამართალდარღვევებზე.

აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველმა, საქმის განმხილველ სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა 2015 წლის ივნისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება