სხვა ნიშანი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს პარლამენტარების მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირების შესახებ ზოგადი წინადადებით მიმართა

2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომელიც პარლამენტის წევრების მიერ სიძულვილის ენის ან დაუცველი ჯგუფების მიმართ სხვა სახის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ეხება.

სახალხო დამცველი ზოგად წინადადებაში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა კი ამ სინდრომის მქონე ადამინებს „ავადმყოფები“ უწოდა. წინადადებაში ასევე ასახულია პარლამენტის სხვადასხვა წევრების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზოგად წინადადებაში მითითებული გამონათქვამები, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრებს ეკუთვნის, თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე და მოქმედი პარლამენტარების მხრიდან მსგავსი გამონათქვამების მომავალში თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით:

  • განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესაძლებლობა;
  • პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების განსაზღვრის შემთხვევაში, განიხილოს „მოვალეობის შესრულების“ ფარგლებს გარეთ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, „სიძულვილის ენის“ შემცველი განცხადებების, ან დანაშაულებრივი მოწოდებების გამო პარლამენტის წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა;
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის და მისი განხორციელების ფორმების შექმნა მოხდეს ვენეციის კომისიის შესაბამის ანგარიშში განხილული მოდელების (სასამართლოს ან პარლამენტის მიერ იმის განსაზღვრა, ექცევა თუ არა პარლამენტარის გამონათქვამი მისი ინდემნიტეტის ფარგლებში) გათვალისწინებით.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)