სპეციალური ანგარიშები.

ადამიანის უფლებების მდგომარეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გამყოფი ხაზის სოფლებში

სპეციალური ანგარიში მოიცავს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მდგომარეობასა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე სოფელების ხურჩის ფახულანისა და წყოუშის მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურჩა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება და ამ სოფელს რამდენჯერმე პირდაპირ შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტი. ხურჩა ერთადერთი ენგურს გაღმა სოფელია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლდება. ქართული პოლიციის პუნქტი სოფლის დასაწყისშია განლაგებული და ეს გარემოება მოსახლეობისათვის უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. ამის ნათელი მაგალითი ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე 2016 წლის 19 მაისს 22 წლის გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნული საქმე მხარეთა თანამშრომლობით სწრაფად და ეფექტურად იქნას გამოძიებული და დამნაშავე პასუხისგებაში მიცემული, რაც გააძლიერებს ადგილობრივების უსაფრთხოების განცდას და მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის.

ხურჩაში, ისევე როგორც გამყოფი ხაზის სხვა სოფლებში ხშირია უკანონო დაკავებები „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით. დაკავებულებს შორის წლების განმავლობაში იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები და გალის მოსახლეობა.

სოფელ ხურჩას მოსახლეობა 1993-1998 და 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას ითხოვს, რაც მათ დღემდე არ მიუღიათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანსა და წყოუშში 2013 წელს რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს, რის შედეგადაც სოფელ წყოუშში მდებარე რამდენიმე სახლი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართები გავლებულია მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში, რაც უზღუდავს მათ მიწით სარგებლობის საშუალებას.

ფახულანში პრობლემად რჩება მდინარე ოლორზე ხიდის არარსებობა, რომელიც სოფლის რამდენიმე უბანს აკავშირებს ერთმანეთთან. ასევე, გასამაგრებელია მდინარე ოლორის ნაპირები, რადგან მისი ადიდებისას წყალს მიაქვს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და მოსავალი.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის სტრუქტურებს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებების დასაცავად და გამყოფი ხაზის სოფლების სოციალური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)