წინადადებები.

წინადადება საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სალექციო ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე

2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სალექციო ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ჩატარებული საჯარო ლექციების ციკლი თემაზე - „რელიგიის ისტორია“ არ შეესაბამებოდა საჯარო სკოლების რელიგიური გაერთიანებებისგან გამიჯვნის კანონისმიერ პრინციპს. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლური ქადაგების მოსმენა მოუწიათ როგორც მართლმადიდებელ პედაგოგებს, ასევე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ლექციის მსვლელობისას ხაზი გაესვა მართლმადიდებლობის მნიშვნელობასა და უპირეტესობას სხვა რელიგიებთან მიმართებით.

დაუშვებელია, ქვეყანაში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა საგანმანათლებლო სივრცეში ინდოქტრინაციის მიზეზი გახდეს. ამასთან, ინდოქტრინაციულმა ლექციებმა არ უნდა მიიღოს ტენდენციური ხასიათი სასკოლო სივრცეში, რაც კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს საგანმანათლებლო პროცესს. ლექციათა ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესი სახელმწიფოს მიერ კონფესიური ფუნქციების შეთავსების სერიოზულ ნიშნებს შეიცავს, რაც საფრთხეს უქმნის საჯარო სკოლის რელიგიურ ნეიტრალიტეტს და მნიშვნელოვნად ზრდის პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის რისკს სასკოლო სივრცეში.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - უზრუნველყოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის გამიზნული სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებით და მიიღოთ ყველა ეფექტიანი ზომა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის დასაცავად.

იხილეთ წინადადების ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება