ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2014 წლის 1-2 დეკემბერი)

პრევენციის ეროვნული მექანიზმი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N17 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებობს გარკვეული პრობლემები პატიმრების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. კერძოდ, დაწესებულებაში პატიმართა დაზიანების აღრიცხვა სათანადოდ არ ხდება. ხშირ შემთხვევებში მითითებული არ არის დაზიანებების წარმომავლობა, მათ შორის საეჭვო ლოკალიზაციის და ხარისხის დაზიანების შემთხვევაში, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ დაწესებულებაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტებს. პრობლემას წარმოადგენს N17 დაწესებულებაში ელექტრონული მეთვალყურეობის აუცილებლობისა და პროპორციულობის განსაზღვრა.

საცხოვრებელ საკნებში არსებული ფართი არ შეესაბამება საქართველოს პატიმრობის კოდექსის შესაბამისად დადგენილ მოთხოვნებს და რემონტს საჭიროებს. საკარანტინო საკნების ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს ინფექციის კონტროლის მიზანს. საშხაპეებში დაზიანებულია მეტლახი. გაუმართავია წყლის გამწოვი სისტემა, რაც იწვევს წლის დაგუბებას და სინესტეს. ვიზიტის დროს დაზიანებული იყო სარეჟიმო კორპუსების სასეირნო ეზოში არსებული საკანალიზაციო სისტემა და ეზოში იდგა წყლის გუბე.

სრულად არ არის დაცული პატიმრების კვების სტანდარტები. პატიმრების ნაწილი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საკვების გემოსთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მაღაზიის პროდუქციის სათანადო მომარაგება არ ხდება. ცალკეულ მსჯავრდებულთა განმარტებით, წყალს პერიოდულად აქვს ნალექი და თავისებური გემო. N17 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სამედიცინო და დამხმარე პერსონალის რაოდენობა არასაკმარისია. დადგინდა, რომ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმ-კონსულტანტებთან კონსულტაციაზე ჩაწერილი პატიმრების მოლოდინის დრო საკმაოდ ხანგრძლივია, რაც უარყოფითად აისახება მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პრობლემებია დაწესებულებაში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მხრივ. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში არ მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა და პრობლემას წარმოადგენს ფსიქიატრთან კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა.

მსჯავრდებულებს პრობლემები ექმნებათ სატელეფონო ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია სატელეფონო ბარათებთან. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მუდმივად არის სატელეფონო ბარათების დეფიციტი, რაც ხელს უშლის პატიმრებს შეუზღუდავად ისარგებლონ მათთვის მინიჭებული უფლებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)