ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ N2 დაწესებულებაში არსებობს რიგი პრობლემები, რაც უარყოფითად მოქმედებს ამ დაწესებულებაში მყოფ პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, დაწესებულება საკმაოდ გადატვირთულია, საცხოვრებელ საკნებში ერთი პატიმრისთვის განკუთვნილი სივრცე 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია. დაწესებულების უმეტეს სამარტოო საკნებში არის სივიწროვე და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება არ ხდება. პრობლემას წარმოადგენს ქალი პატიმრებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობა.

სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში სუიციდის პრევენციისკენ მიმართული აქტივობები არასაკმარისია. პრობლემას წარმოადგენს ასევე ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების დროულად მიწოდება. რიგ შემთხვევებში აშკარაა სამედიცინო მომსახურების დაყოვნება და არსებობს გარკვეული შეფერხებები დაწესებულების მედიკამენტებით მომარაგების თვალსაზრისით. პირველადი ჯანდაცვის ერთ ექიმზე მოდის 500-ზე მეტი პატიმარი, ხოლო მთელ დაწესებულებას მხოლოდ ერთი მორიგე ექიმი ემსახურება; ასევე, არასაკმარისია ექთნების რაოდენობა. დაბალია პატიმართა ინფორმირებულობა სამედიცინო მომსახურების შესახებ; არ ხდება პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

პრობლემებია პატიმართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მხრივ, რაც გამოწვეულია ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობითა და მათთვის შექმნილი არასათანადო სამუშაო პირობებით. სარეაბილიტაციო აქტივობაში პატიმართა ჩართულობა ძალიან დაბალია. სარეაბილიტაციო აქტივობებიც არ არის მრავალფეროვანი. სპორტული ღონისძიებების სიხშირე და მრავალფეროვნებაც არადამაკმაყოფილებელია.

პრობლემას წარმოადგენს თარჯიმნების არარსებობა, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია იმ პატიმრებთან გასაუბრება, რომლებიც ვერ მეტყველებენ ქართულ ენაზე. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილი პატიმრები სათანადოდ ვერ სარგებლობენ პაემნის უფლებით, რაც განპირობებულია ოჯახის წევრებთან საცხოვრებელი ადგილის სიშორით და მატერიალური მდგომარეობით.

ამასთან, დისციპლინური სახდელების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში არსებობს ამ სახდელების პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში დისციპლინური სახდელის სახით გამოიყენება სამარტოო საკანში მოთავსება, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება