ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში სასჯელაღსრულების N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2015 წლის 19-20 თებერვალი)

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთან ერთად, 2015 წლის 19–20 თებერვალს, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ქალი პატიმარების საჭიროებების გამოვლენას და შეფასებაზე დაყრდნობით რეკომენდაციების მომზადებას. მონიტორინგის ჯგუფი დაეყრდნო როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას, ასევე ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაეროს წესებით (ბანგკოკის წესები) დადგენილ სტანდარტებს.

ანგარიშის მომზადებისას სხვა მასალასთან ერთად გამოყენებული იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტში მონაწილე წევრებისტექნიკური ანგარიშები და ვიზიტის დროს მოპოვებული დოკუმენტაცია. მონიტორინგის ჯგუფის წევრთა ანგარიშები, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ინახება, მოიცავს მონიტორინგის ჯგუფის ძირითად მიგნებებს და შედგენილია იმგვარად, რომ ინტერვიუს კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდეს რესპოდენტ პატიმართა იდენტიფიკაცია. ვიზიტის მიმდინარეობის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე და ადმინისტრაციის მხრიდან მონიტორინგისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ჯგუფის მოთხოვნისამებრ, დაწესებულების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილი იყო მათ ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

პატიმრობის კოდექსის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N5 დაწესებულება წარმოადგენს ქალთა სპეციალურ დაწესებულებას, სადაც ქალი ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან განთავსებული. დაწესებულება შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი და სპეციალური დამცავი ზღუდეებით არის გარშემორტყმული, სადაც მსჯავრდებულებზე მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ქალთა სპეციალური დაწესებულება გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მონიტორინგის დროს დაწესებულებაში სულ 272 სრულწლოვანი ქალი პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 52 ბრალდებული და 220 მსჯავრდებული, 3 ქალს ჰქონდა სამუდამო პატიმრობა მისჯილი, ხოლო ერთი მათგანი ორსულად იყო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)