ვიზიტის შემდგომი ანგარიშები

ანგარიში სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ (2014 წლის 27-28 ნოემბერი)

პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით არაკეთილსაიმედო მდგომარეობაა.
2014 წლის 1 იანვრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველმა N8 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურორს 9 შემთხვევაში მიმართა, რაც სახალხო დამცველის მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების გამოძიების თაობაზე ზემოხსენებულ პერიოდში მომზადებული წინადადებების ნახევარს წარმოადგენს.

2014 წლის 12 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები N8 დაწესებულებაში თავად გახდნენ თვითმხილველები, როგორ იწვა ორი პატიმარი სველი ტანსაცმლით იატაკზე, ერთ-ერთს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული და ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. პრევენციის ეროვნული მექანიზმის აზრით, მსგავსი პრაქტიკის პრევენციის მიზნით, აუცილებელია ამ ნაწილზე მუდმივი, სრულყოფილი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება და ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვა-შემოწმება.

2014 წლის 10 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე, N8 დაწესებულებაში 8 პატიმარმა მიიღო სხეულის დაზიანება ჩხუბის შედეგად. შესაბამისად, პატიმართა შორის ძალადობის პრევენციის მიზნით, აუცილებელია დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურმა გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები.

ასევე, ძირითად საცხოვრებელ საკნებში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება საქართველოს პატიმრობის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; არადამაკმაყოფილებელია არასრულწლოვან ბრალდებულთა პატიმრობის პირობებიც; არასაკმარისია დაწესებულებაში განხორციელებული სარეაბილიტაციო აქტივობები.

სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგს, ექიმებს და ზოგადად ადმინისტრაციას უჭირს იმ პატიმრებთან კომუნიკაცია, რომლებიც ვერ საუბრობენ ქართულ ენაზე, რაც აფერხებს მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას; საკვების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა საჭიროებები, რის გამოც ისინი ხშირად უარს აცხადებენ შეთავაზებული საკვების მიღებაზე; არ ხდება დაწესებულების მაღაზიის პროდუქციით სათანადო მომარაგება.

პრობლემურია ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციის დროულად უზრუნველყოფა და ჩატარებული კონსულტაციების სათანადო აღრიცხვა; აშკარად არასაკმარისია ექთნების რაოდენობა. დაწესებულებაში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობა; სრულყოფილად არ იყო შევსებული დაზიანების აღრიცხვის ჟურნალი.
სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ პირადი ჰიგიენის ნივთები და როგორც აცხადებენ, არ უსარგებლიათ არც შხაპის მიღებისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება