საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა07 07 2010
2010 წლის 28 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. დავის საგანს წარმოადგენდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის და საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვის შესაძლებლობა არ გააჩნდათ საქართველოში არმცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, აგრეთვე სხვა ქვეყნის იურიდიული პირებს.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ასეთი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას ყველა ადამიანს, მისი მოქალაქეობის მიუხედავად ანიჭებს.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აზრით, ასეთი უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა სარგებლობდნენ. სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საკანონმდებლო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საკონსტიტუციო სასმართლოსადმი მიმართვის უფლების მინიჭებით, მათ საქართველოს კანონმდებლობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მიეცემათ. ამავე დროს, მოპასუხის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის საკონსტიტუციო სასმართლოსადმი მიმართვის უფლებას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს.
სარჩელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების ერთობლივი გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ძირითადი უფლებები, რომელთა სუბიექტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს (მაგალითად, როგორიცაა საარჩევნო უფლება) და ის უფლებები (საკუთრების, მემკვიდრეობის, პირადი ხელშეკრულების და სხვა კონსტიტუციური უფლებების), რომელთა სუბიექტი არის ადამიანი, მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად.
ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყველას – როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ დაიღვა ან შესაძლოა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, ხელისუფლების უფლებამოსილება ემსახურება ამ უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას. ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. შესაბამისად, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმები, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრეს ვერ შეზღუდავს და ამ თვალსაზრისით ვერ შეცვლის სამართლანი სასამართლოს და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად გამოცხადდა გასაჩივრებული კანონის ნორმები.
შედეგად, ყველა პირს (უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად), ასევე უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს, საქართველოს კანონმდებლობით მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აქვთ ამ უფლებების საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის შესაძლებლობა.