საერთაშორისო კონფერენცია „სასამართლო აქტივიზმი და თვითშეზღუდვა: კონსტიტუციური უფლებების თეორია და პრაქტიკა“14 07 2010
2010 წლის 13–14 ივლისს, ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „სასამართლო აქტივიზმი და თვითშეზღუდვა: კონსტიტუციური უფლებების თეორია და პრაქტიკა“.
14 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება თემაზე „ სახალხო დამცველი – კონსტიტუციური კონტროლის აქტიური მონაწილე.“
მოხსენებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახალხო დამცველის როლი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების პროცესში, სასამართლო აქტივიზმისა და თვითშეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები ქართული კანონმდებლობის მიხედვით და მიმოიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც მისი აზრით, სასამართლო აქტივიზმის პროდუქტებია.
გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოქმედი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას სახალხო დამცველის საქმიანობაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აღნიშნულ უფლებას სახალხო დამცველს კონსტიტუცია და კანონმდებლობა აძლევს. ამასთან სასამართლოსთვის მიმართვის უფლების მქონე სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით, სახალხო დამცველი არ არის შეზღუდული საჭიროებით ადგილი ქონდეს კონკრეტული უფლების დარღვევას ან/და დარღვევის რეალურ საფრთხეს.
სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე შეტანილი სარჩელები საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას შეეხება. აღნიშნული უფლებამოსილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ განმცხადებელთათვის, რომელთაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის შესაძლებლობა არ აქვთ.
სახალხო დამცველმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სრულად რეალიზაციაში სწორედ სასამართლო ხელისუფლებას ეკუთვნის მნიშვნელოვანი როლი _ ის, ერთი მხრივ, ადამიანებისთვის ხელისუფლების თვითნებობისგან თავის დაცვის საშუალებაა, მეორე მხრივ, თავად ხელისუფლების შტოებისათვის დამატებითი შესაძლებლობაა, უზრუნველყონ ერთი–მეორის მოქმედება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციისა და კანონის სრული დაცვით.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს აშშ–ს ნევადის შტატის მოსამართლემ ფილიპ პრომ, აშშ–ს მინესოტას შტატის მოსამართლემ ჯონ ტუნჰეიმმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოდგილემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ერემაძემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ფრანსუაზა ტულკენსმა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ალან მორისონმა, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორმა ტომას მაილეჟმა, ვენეციის კომისიის წევრმა, ირლანდიის მთავარმა პროკურორმა ჯეიმს ჰამიტონმა, ვენეციის კომისიის წევრმა, ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა კაარლო ტუორმა, სიენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტანია გროპპმა, ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ომარ ჯორბენაძემ.
* * *
კონფერენცია გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს სახალხო დამცველის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ თანამშრომლობით.
კონფერენციაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლოს კონტროლის სხვადასხვა სტანდარტები; სამოსამართლეო აქტივიზმის მართებული და არასწორი სახეები; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა: პოლიტიკასა და სამართალწარმოებას შორის; პოლიტიკური და იდეოლოგიური სიმპატიების გამოხატვა სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და არგუმენტაციაში; საკონსტიტუციო სასამართლოებს, კანონმდებლებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობა სასამართლო კონტროლის ევროპულ სისტემაში.