Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველი კარანტინში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას მოითხოვს

06 11 2010

2010 წლის 4 და 5 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტებმა, ვიზიტები განახორციელეს გლდანის #8 დაწესებულების კარანტინში. საკარანტინე საკნებში არსებული არაადამიანური და დამამცირებელი პირობების გამოსწორების თაობაზე სახალხო დამცველმა, 2010 წლის 20 ოქტომბერს, რეკომენდაციით ერთხელ უკვე მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს.
 
სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაციის შემდეგ გლდანის დაწესებულების კარანტინში არსებული პირობები არ გაუმჯობესებულა. N1 საკანში, სადაც 6 საწოლია, 27 პატიმარი იმყოფება. საკანში არსებული სივიწროვის გამო მათ დროის უმეტესი ნაწილის ფეხზე გატარება უწევთ. პატიმრებს არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდათ ჭურჭელი, რის გამოც საკვებისთვის და სასმელისთვის საზიარო ჭურჭელს იყენებენ. პატიმრებს არ აქვთ ყველაზე აუცილებელი ჰიგიენის ნივთებიც კი,  მათ შორის, არც ტუალეტის ქაღალდი. ისინი ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით, არ ეძლევათ შხაპის მიღების საშუალება.
 
აღნიშნულ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოება, რომ კარანტინში მყოფ პატიმრებს არ ნახულობს ექიმი. 2010 წლის 4 ნოემბერს, კარანტინის ვიზიტის დროს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრმა შენიშნა, რომ ერთ–ერთ პატიმარს, ვახტანგ ს.-ს, აღენიშნებოდა სიყვითლის ნიშნები. მან დაუყოვნებლივ უხმო მორიგე ექიმს, რათა მას შეემოწმებინა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატიმრის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მორიგე ექიმმა განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, რამდენიმე დღეში პატიმარი განაწილდებოდა საცხოვრებელ საკანში, სადაც მას ჩაუტარდებოდა საჭირო გამოკვლევები. იმავე ექიმის თქმით, კარანტინში განთავსებულ პატიმრებს მხოლოდ კრიტიკული მდგომარეობის შემთხვევაში უტარდებოდათ გამოკვლევები.
 
2010 წლის 5 ნოემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები კარანტინში  ექიმ-ექსპერტებთან ერთად მივიდნენ.  
სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექიმ–ექსპერტებმა დააფიქსირეს, რომ პატიმარ ვახტანგ ს.-ს აქვს სიყვითლე, ღვიძლის გადიდება დაახლოებით 3 სმ–ით, შარდი – მოყავისფრო ფერის. პაციენტი უჩივის თავის ტკივილებს, მწარე გემოს, ზოგად სისუსტეს. ექსპერტების აზრით, ზუსტი დიაგნოზის დადგენამდე ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის იზოლირება აუცილებელია ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პატიმარი იმყოფება დახურულ სივრცეში სხვა 26 პირთან ერთად და სარგებლობს საზიარო ჭურჭლით.
 
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, დაუყოვნებლივ მოხდეს პატიმარ ვახტანგ ს.-ს განცალკევებით განთავსება #8 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში მისთვის აუცილებელი გამოკვლევების ჩატარების, ასევე, შესაძლო ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით.
 
ასევე, სახალხო დამცველმა განმეორებით მიმართა რეკომენდაციით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა საჭირო ზომა გლდანის #8 დაწესებულების კარანტინში არსებული არაადამიანური და დამამცირებელი პირობების აღმოფხვრის მიზნით და კარანტინში ყოფნის დროს პატიმრებისთვის უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლების განხორციელება.