პრევენციის ეროვნული მექანიზმი, 2011 წლის ზაფხულის მონიტორინგი, ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებები02 09 2011სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, გეგმური მონიტორინგი განახორციელეს ზუგდიდის N4 და ბათუმის N3 დაწესებულებებში. აღნიშნული დაწესებულებების ლიკვიდაცია სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2009 წელს მოითხოვა. ორივე დაწესებულების ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ ექვემდებარება რემონტს. აღნიშნული მიზეზის გამო, ორივე დაწესებულებაში შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურება. N3 და N4 დაწესებულებებში ასევე მოუგვარებელია გადატვირთულობის პრობლემა. ბათუმის N3 დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 557–ს ( განთავსებული იყო 652), ხოლო ზუგდიდის N4 დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 305–ს და მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 378 პატიმარი.
ორივე დაწესებულებაში პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა გაუმჯობესებულია და რაიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას თანამშრომელთა მიმართ არ გამოთქვამენ.
დადებითად უნდა შეფასდეს ბათუმის N3 დაწესებულების სოციალური სამსახური, რომელიც, პატიმრების გადმოცემით, მაქსიმალურად ცდილობს მათ დახმარებას. ბათუმის დაწესებულების სოციალური სამსახურის კარგი მუშაობა სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშიც იყო ასახული.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსის თანახმად, პატიმარს უფლება აქვს, ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე და მიიღოს შხაპი კვირაში ორჯერ, ბათუმშიც და ზუგდიდის დაწესებულებაშიც პატიმრები გასეირნების უფლებით სარგებლობენ ყოველდღიურად (20–25წთ) კვირის გარდა, ხოლო აბანოთი კვირაში ერთხელ.
ორივე ამ დაწესებულებაში არის ქალთა და არასრულწლოვანთა განყოფილებებიც, თუმცა არც ქალები და არც არასრულწლოვნები არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობენ, გარდა სეირნობის უფლებისა, რომელიც არასრულწლოვანთა შემთხვევაში, ერთ საათს გრძელდება. არასრულწლოვნებს, სეირნობის დროს, აქვთ ტრენაჟორებზე ვარჯიშის საშუალებაც (ტრენაჟორები განთავსებულია დაწესებულებების სასეირნო ეზოებში).
N3 და N4 დაწესებულებებში პრობლემას წარმოადგენს პაემნების ხანგრძლივობაც. პატიმრობის კოდექსის თანახმად, ხანმოკლე პაემანი 1-დან 2 საათამდე გრძელდება. მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, ზემოაღნიშულ დაწესებულებებში პაემნების ხანგრძლივობა მხოლოდ 20–25 წუთს შეადგენს.
ბათუმის N3 დაწესებულებაში კვლავ მოუგვარებელია სატელეფონო კავშირი. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე წელია დგას და ადმინისტრაცია აღნიშნულს ხან სატელეფონო კაბელის მოპარვით ხსნის, ხანაც ტექნიკური დაბრკოლებებით. ტელეფონის არქონა განსაკუთრებით აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც N3 დაწესებულებაში არიან განთავსებულები და რომელთათვისაც ტელეფონი ახლობლებთან ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა.
N4 დაწესებულებაში პატიმრებს თვეში ორჯერ ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ტელეფონით (5–10წთ.).
ორივე დაწესებულების პატიმრებს აქვთ მიმოწერის უფლება ოჯახის წევრებთან, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი უმეტესობა ამ უფლებით არცთუ ისე ხშირად სარგებლობს.
დაწესებულებების მაღაზიაში პრესიდან ხელმისაწვდომია მხოლოდ „კვირის პალიტრა“ და ჟურნალები. სხვა გაზეთებს მაღაზიები პატიმრებს არ სთავაზობენ.
ორივე დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ნიშანია ამანათში ყოველგვარი ხილის აკრძალვა ვაშლის გარდა. მონიტორინგის დროს დაწესებულებების მაღაზიებშიც არანაირი ხილი არ იყიდებოდა.
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დეტალური ანგარიში ოქტომბერში გახდება საჯარო. პრევენციის მექანიზმი აგრძელებს თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილების მონიტორინგს.