Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

28 03 2012

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის თანახმად, 2012 წლის 28 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
 
ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ  და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს.
 
საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელდა  ხელისუფლების ცალკეულ ორგანოთა პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, შესწავლილ იქნა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი, რომელზეც განხორციელდა სათანადო რეაგირება.
 
ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ანგარიშში ასახული სისტემური პრობლემების გადაჭრის, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისა და კონკრეტული დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით, რაც აუცილებელი  წინაპირობაა სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.
 
*  *  *
2011 წლის ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული რეგულარული მონიტორინგის, შესწავლილი საქმეებისა და განცხადებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა უფლებების ჯეროვანი დაცვა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს.
 
საანგარიშო წელს, სამწუხაროდ, კვლავ დაფიქსირდა სისტემაში გარდაცვლილ პატიმართა მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად არ განსხვავდება 2010 წლის მაჩვენებლისგან. შესაბამისი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ტუბერკულოზი კვლავ რჩება პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად.
 
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას. საანგარიშო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა სახალხო დამცველის 3 კონსტიტუციურ სარჩელზე, რომელთგან 2 დაკმაყოფილდა, ხოლო ერთის დაკმაყოფილებაზე უარი გვეთქვა.
 
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების ანალიზი და აპარატის თანამშრომლების მიერ განხორციელებული მონიტორინგი ცხადყოფს, რომ სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისას კვლავ არაერთი პრობლემა გვხვდება.
 
2011 წლის განმავლობაში კვლავ მაღალი იყო  მოქალაქეთა მომართვიანობა სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში სისტემატურადაა განხილული სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის ფაქტები. 2011 წლის საანგარიშო პერიოდში  სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა უფლებადარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც უკავშირდებოდა ღირსების შემლახავ მოპყრობასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

საქართველოს სახალხო დამცველის  ანგარიშებში ყოველ წელს გარკვეული ადგილი ეთმობა შეკრებებისა და მანიფესტაციების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვას. 2011 წელი აქტიური წელი იყო როგორც საკანონმდებლო, ისე შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით სარგებლობის თვალსაზრისით.
 
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2011 წლის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე, მიმოხილულია ჟურნალისტებისა და ცალკეული პირების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფაქტები, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მუქარის, მათი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. ამავე თავში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იმ საქმეების გამოძიების ხარისხის შეფასებას, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.
 
საანგარიშო პერიოდში, რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს განვითარების კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა.  2011 წელს ასევე მკვეთრად შემცირდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველისთვის განცხადებით არავის მოუმართავს.
 
ანგარიშში დეტალურად არის განხილული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლებასთან დაკავშირებული ასპექტები და სხვა.
 
რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას, ეს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საანგარიშო პერიოდში იძულებით გადაადგილებულ პირთა მომართვიანობა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მაღალი იყო.
 
2011 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა. წინამდებარე ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა – მესხების და ლტოლვილების უფლებრივ  მდგომარეობას.
 
საანგარიშო პერიოდში, ისევე როგორ წინა წლებში,  სახალხო დამცველი ინტენსიურად ადევნებდა თვალს საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარებას. გაანალიზებული პრაქტიკის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ შესამჩნევი პროგრესი შეინიშნება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კანონმდებლობის დახვეწის კუთხით, თუმცა კვლავაც რჩება სერიოზული პრობლემები კანონით გათვალისწინებული ნორმების აღსრულებისას.
 
ანგარიშში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემატიკას.
 
საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მიერ რიგი ღონისძიებების გატარებით, რაც წინა წლებთან შედარებით პოზიტიური ტენდენციაა.
 
ტრადიციისამებრ, ანგარიშში წარმოდგენილია ჩვენი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები საკანომდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელთა მიზანიც ამ ანგარიშში აღწერილი დარღვეული უფლებების აღდგენა და უფლებადარღვევების პრევენციაა.