Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის განცხადება

05 04 2012

2012 წლის თებერვალში, მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მცირეწლოვანი ბავშვი მაშინ გააჩერეს როცა სკოლაში მიდიოდა.  სასკოლო ჩანთაში მას ქართული სახელმძღვანელო აღმოუჩინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიჭს ხელი ჰქონდა მოტეხილი და მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლები არასრულწლოვანთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, ის სკოლის დირექტორის ოჯახში იმყოფებოდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა.
 
აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2012 წლის 29 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავმჯდომარეობით გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 34-ე შეხვედრაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა უცნობი პირების მიერ არასრულწლოვნისთვის სახელმძღვანელოების დახევის ფაქტი, თუმცა უარყო რუსი სამხედროების მიერ არასრულწლოვნის ცემა. 
 
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კონფლიქტის ზონაში მომხდარი ზემოხსენებული ფაქტის გამო, რაც ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული  უფლებების დარღვევას წარმოადგენს (დისკრიმინაციის აკრძალვა,  ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვა, განათლების უფლება).  აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის 38-ე მუხლი ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს მიიღონ სპეციალური ზომები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების განსაკუთრებული დაცვის უზრუნველსაყოფად.
 
კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ადამიანები დაცული არიან მთელი რიგი საერთაშორისო ნორმებით. კერძოდ, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის უფლებებს, როგორც ეფექტური კონტროლის მქონე მხარემ. მიუხედავად ამისა, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ფაქტობრივად დარჩენილია სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გარეშე, რასაც მათი უფლებების დარღვევა სდევს თან. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგი, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება. 
 
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადადგან ქმედითი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების აღსაკვეთად და აღნიშნული ფაქტის ეფექტური გამოძიების მიზნით.