Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება გაუქმდა

11 04 2012

2012 წლის 11 აპრილს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის 2 დეკემბრის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3,მე-4 და მე-5 პუნქტების და  41-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
 
საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და  საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება.
 
ამავდროულად სავალდებულოდ დარჩა ლიცენზირება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით მაუწყებლობისათვის.
 
 
კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგულირების სხვადასხვა ფორმების, მათ შორის, საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას შეიძლება უკავშირდებოდეს. თუმცა, ამ უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო კონსტიტუციური უფლებებითა და თავისუფლებებით არის შეზღუდული. უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის გამართლებული, როდესაც ჩარევა გარდაუვალია კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნებისმისაღწევად, არის მიზნის მიღწევის პროპროციული და ნაკლებად შემზღუდავი საშუალება.
 
საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა უფლებისათვის ნაკლებად შემზღუდავი საშუალებითაც არის შესაძლებელი, როგორიცაა მარეგულირებელ კომისიაში სამაუწყებლო საქმიანობის დაწყების შემდეგ გარკვეული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დაწესება.
 
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე.