Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სპეციალური ანგარიში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ

26 04 2012

2012 წლის 25 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური ანგარიში, რომელშიც ასახულია ეროვნული პრევენციის მექანიზმის სტატუსით სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2011 წლის დეკემბერში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგი განხორციელდა 13 დიდი ზომის ბავშვთა სახლსა და 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლში.

მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვის ხარისხი.

2011 წლის დეკემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ აღმოჩენილი მრავალი დარღვევის მიუხედავად,  ბავშვთა სახლებში ბავშვთა უფლებები წინა წლებთან შედარებით რიგი მიმართულებებით უკეთ არის დაცული. ცხადია, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არაერთი პრობლემური საკითხი, რომელიც დეტალურად არის ასახული წინამდებარე ანგარიშში და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, რათა ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების უფლებების დაცვის ხარისხი სრულ შესაბამისობაში მოვიდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

ანგარიშში გაანალიზებულია ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის მიმდინარეობა 2012 წლის იანვრის მდგომარეობით. მონიტორინგი განხორციელდა რეფორმის ფარგლებში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის პარალელურად, რითაც ჯგუფს საშუალება მიეცა შეეფასებინა ბავშვების მდგომარეობა სააღმზრდელო დაწესებულებებში, და ასევე, დაკვირვებოდა გარდამავალი პროცესის მიმდინარეობას – ბავშვების გადაყვანას დიდი ზომის ბავშვთა სახლებიდან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვების საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი და მოახდინა არა მხოლოდ შედეგობრივი, არამედ პროცესუალური ხარვეზების იდენტიფიცირებაც. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლისაგან განსხვავებით, მონიტორინგის ჯგუფებს, მონიტორინგის განხორციელების დროს არანაირი დაბრკოლება არ შექმნიათ ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის ან სააგენტოების მხრიდან, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

მონიტორინგის შედეგად, როგორც დიდი ზომის ბავშვთა სახლებში, ისე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გამოვლინდა შემდეგი სახის სისტემური და ინდივიდუალური  დარღვევები:
·         ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის და უგულებელყოფის სერიოზული ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევაში, საჭირო გახდა მოძალადისა და სავარაუდო მსხვერპლის ერთმანეთისაგან დაუყოვნებელი დაცილება;
·         ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ ბავშვთა დასჯის სხვადასხვა ფორმების გამოყენება: წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, კუთხეში დაყენება, ახალი ტანსაცმლის ჩამორთმევა, შეჯანჯღარება, დასჯის მიზნით ფიზიკური შრომა და ა.შ.
·         დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ბავშვებზე ზეწოლა და ემოციური ძალადობა უფლებადამცველებთან კომუნიკაციის გამო.
·         საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვების მიმართ ბავშვის ღირსების შემლახველი მოპყრობა, და რიგ შემთხვევებში, ფიზიკური სასჯელის გამოყენება: ჯოხის, სკამის საზურგის, წკეპლის დარტყმა, ბეჭდით თავზე დაკაკუნება, თმის მოწიწკვნა ა.შ.
·         ქცევის დარღვევის მძიმე ფორმებისა და სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვების ამორიცხვა სამზრუნველო დაწესებულებებიდან, ადეკვატური სამედიცინო და სოციალური დახმარების გაწევის გარეშე, სამზრუნველო დაწესებულებების მიერ ბავშვების მდგომარეობის მართვის შეუძლებლობიდან გამომდინარე; მონიტორინგის ჯგუფისათვის დღემდე უცნობია რამდენიმე ასეთი აღსაზრდელის დღევანდელი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი.
·         უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში: უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბავშვის მიერ ნაჯახით საკუთარი თითის მოკვეთის ფაქტი.
·         სახელმწიფო კონტროლის გარეთ დარჩენილი მშობლების ზრუნვას მოკლებული რამდენიმე ასეული ბავშვი, რომელთა შესახებ ინფორმაციას 2011 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, არცერთი სახელმწიფო უწყება არ ფლობდა, მიუხედავად ამ ბავშვებზე ზრუნვის კანონისმიერი ვალდებულებისა.
·         დიდი ზომის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვების მიერ ქუჩაში მათხოვრობა და სხვა სახის ანტისაზოგადოებრივი ქმედება, რომლის მენეჯმენტი ვერ ხორციელდება პასუხისმგებელი უწყებების მიერ.
·         დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარება და არაჯეროვანი მომზადება, რომელსაც შედეგად მოჰყვა დეინსტიტუციონალიზებული ბავშვების ფსიქოლოგიური ტრავმირება  და ადაპტაციის პროცესის გართულება ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში.
·         ბავშვთა რეინტეგრაცია არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი არ იყო ადეკვატური საცხოვრებელი პირობები.
·         ბავშვთა განვითარებისათვის შეუფერებელი საყოფაცხოვრებო პირობები რამდენიმე მცირე საოჯახო ტიპის სახლში: სარემონტო და ნესტიანი ოთახები, სიცივე, დაზიანებული ავეჯი.
·         მოუწესრიგებელი სამედიცინო დოკუმენტაცია და ბავშვთა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხარვეზები.
 
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე გაანალიზებულია სახელმწიფოს კონტროლს გარეთ დარჩენილ ბავშვთა სახლებში არსებული მდგომარეობა. სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელური ეკლესიის მიერ საქართველოში დაფუძნებულია სამი თავშესაფარი, სადაც განთავსებულია 300–მდე მშობლების ზრუნვას მოკლებული ბავშვი; აღნიშნულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს ფაქტობრივად არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ ახორციელებს; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია ბავშვთა ამ რეზიდენტული დაწესებულებებისა და მათი ბენეფიციარების შესახებ, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო დაფინანსებაზე და არახორციელებს ამ დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის მიწოდებული მომსახურების ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან შესაბამისობის ზედამხედველობას.

წინა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შემდეგ,  საქართველოს სახალხო დამცველმა 58 რეკომენდაციით მიმართა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისმა უწყებებმა სრულად ან ნაწილობრივ შეასრულეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რაც სახალხო დამცველის შეფასებით პოზიტიური ტენდენციაა.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ როგორც წინა წლებში, წელსაც, სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, კვლავ ყურადღებით გაეცნობიან წინამდებარე ანგარიშს და გაითვალისწინებენ მის რეკომენდაციებს.


 

  გადმოსაწერი ფაილი