მარნეულში სახალხო დამცველის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა27 04 20122012 წლის 27 აპრილს, მარნეულში გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის პრეზენტაცია.
პრეზენტაციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ამიერიდან მეტი საშუალება ექნება საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით გაცილებით ეფექტურად გაუწიოს ზედამხედველობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ქვემო ქართლის რეგიონში, ასევე განახორციელოს უფრო აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ოფისი უახლოეს მომავალში გახდება მოქალაქეთა ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი და გარანტი მათი უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის და რომ ამ ოფისის საქმიანობა უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი ფილიპ დიმიტროვი, პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ადგილობრივი ხელისუფლების და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
სახალხო დამცველის მარნეულის ოფისი გარემონტდა და აღიჭურვა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. ოფისის გახნის პრეზენტაცია გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.