სახალხო დამცველის განცხადება04 05 2012საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, 3 მაისს გამოქვეყნდა განცხადება მსჯავრდებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მსჯავრდებული ავადმყოფობდა ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით“ და „2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული ზ.დელიანიძე, შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და დაეწყო ინტენსიური მკურნალობის კურსი, მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარე წლის 1 მაისს დადგა პაციენტის ლეტალური შედეგი.“
საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.“
ცხადია, სამინისტრომ საკუთარი განცხადებით გაავრცელა მსჯავრდებულის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომლის დაცვაც სამინისტროს კონსტიტუციით ევალება, რაც ხელყოფს როგორც გარდაცვლილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა უფლებებს.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და საჯაროდ გამოტანა წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას, იმის გამო, რომ ამით ილახება არა მარტო გარდაცვლილი პირის კანონიერი ინტერესები, არამედ ჩრდილი ადგება პაციენტის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ასევე პირთა სხვა წრეს. შესაბამისად მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტი მოიცავს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევის ელემენტებსაც, ვინაიდან დაავადებათა ის კატეგორია რომელიც გამჟღავნდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მკვეთრად სცდება მხოლოდ პიროვნების ჯანმრთელობის საკითხებს.
საქართველოს კონსტიტუცია ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, თუ როდის შეიძლება გახდეს პირის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია საჯარო. სამინისტროს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხისადმი „საზოგადეობის მაღალი ინტერესი“ არსებობდა არ წარმოადგენს პირადი საიდუმლოების გამჟღავნების საფუძველს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციის გამჟღავნების უკანონობას, რაც კარგად უნდა ესმოდეთ სამინისტროს უფლებამოსილ პირებს.
საქართველო მიერთებულია „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ კონვენციას, რომელიც ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს დაიცვან „თითოეული ადამიანის ღირსება და ინდივიდუალობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყონ მათი ხელშეუხებლობა და სხვა უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ბიოლოგიასა და მედიცინაში“. ამავე კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით „ყველას აქვს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასთან მიმართებაში“.
პირადი საიდუმლოების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები სრულადაა რეგლამენტირებული ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელ არაერთ საკანონმდებლო აქტში. მათ შორის აღსანიშნავია „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, მხოლოდ ქმედუნარიან პაციენტს აქვს უფლება გადაწყვიტოს, „მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“. ამავე კანონის 27-ე მუხლი კი ცალსახად ადგენს, რომ „სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ“. კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა უხეშად იქნა დარღვეული სამინისტორს იმ მოხელეთა მიერ, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ხსენებული ინფორმაციის განსაჯაროების შესახებ.
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება, იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შესაბამისი პირები, ხოლო მეორე მხრივ მოვუწოდებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს გაატაროს სათანადო ღონისძიებები სამომავლოდ მსგავსი უფლებადარღვევათა თავიდან ასაცილებლად.