სახალხო დამცველის განცხადება ჟურნალისტთა უფლებადარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით04 05 2012საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს ჟურნალისტების უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გაატაროს სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართალდამრღვევი პირების დასჯა, მედიის წარმომადგენელთა ფიზიკური უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობისათვის სათანადო გარემოს შექმნა.
ბოლო სამი დღის განმავლობაში მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგიონალური ჟურნალისტების უფლებათა დარღვევების შესახებ. თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს მედიის წარმომადგენლებს.
საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციისა და ჩვენს ხელთ არსებული მასალის თანახმად, 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისის დღესთან დაკავშირებით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა და მედია საშუალებათა ნაწილი არ დაუშვეს.
ამავე წლის 3 მაისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე შეხვედრაზე არ დაუშვეს ადგილობრივი გაზეთის, ,,P.S.“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელსაც მისივე განცხადებით ოთხმა უცნობმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მას ჩამოართვეს ციფრული გადამღები, ტელეფონი და ხმის ჩამწერი აპარატი. მოგვიანებით, ჟურნალისტს აპარატურა დაუბრუნეს, თუმცა, მისი განმარტებით, მათში არსებული მასალა წაშლილი იყო. როგორც ჩვენს მიერ შეგროვებული მასალებიდან ირკვევა, ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემა შეექმნათ რადიო „ძველი ქალაქისა“ და გაზეთ „ვერსიას“ ჟურნალისტ თორნიკე ხურციძესა და გაზეთ „ალიასა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილსაც.
გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 4 მაისს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცა ტსპრესს.გე-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას, რომელსაც მისივე განცხადებით პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ამავე დღეს, ინტერნეტ გამოცემა ,,ლაივპრესისა’’ და ,,ნეტგაზეთის” რეპორტიორებს - ოთარ დალაქიშვილსა და თამარ ზანთარაიას ქ.ზუგდიდში ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. კერძოდ, 2012 წლის 4 მაისს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ. ოთარ დალაქიშვილი და თამარ ზანთარაია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ადგილზე მივიდნენ. მათივე განცხადებით სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მათ ტერიტორიის გადაღების საშუალება არ მისცეს და კამერები წაართვეს. უცნობმა პირებმა ტექნიკა მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ჩაწერილი მასალა წაშალეს.
მედიისა და პრესის როლი მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესებისთვის. იგი არის დემოკრატიის გარანტი, უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მისი ქმედებებისა თუ უმოქმედობის საჯარო განხილვისთვის გადმოცემას და ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
საქართველოში მედიის თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით, რომლის თანახმად, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია“. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ჩარევა მედიის საქმიანობაში აკრძალულია. უფლების დაცვის გარანტიებს ასევე ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რომლის თანახმად, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა.
სახელმწიფოს ვალდებულებაა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თითოეულ ჟურნალისტს მისცეს საშუალება განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალება, თავისუფლად მოიპოვოს ინფორმაცია. ამასთან სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა.