Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის რეკომენდაცია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს

14 05 2012

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,   სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს    დაუყოვნებლივ უზრუნველყოს  პატიმარ პ.კ.-ს გადაყვანა #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან     გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.
 
2012 წლის 30 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული ესაუბრა #8 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარს პ. კ.-ს. პატიმრის გადმოცემით, 2002 წელს მან ქალა-ტვინის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შემდეგ იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. მისივე განმარტებით, იგი იძულებულია, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დახმარება სთხოვოს თანასაკნელებს. პ.კ.-ს განცხადებით, #8 დაწესებულებაში იგი უზრუნველყოფილი არ არის ინვალიდის ეტლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის აუცილებელი  საშუალებებით და გარემოთი და ითხოვს #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.
 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი იქნა ასევე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ მიერ პ. კ.-ს მიმართ ნაწარმოები ალტერნატიული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასატურებს, რომ პ. კ.-ს დგომა და სიარული შეუძლია მხოლოდ დამხამრე საშუალებებით.