Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 2012 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

18 05 2012

საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო 2012 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისას ხელშეშლის ფაქტის შესწავლა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ ჰომოფობიის  წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მშვიდობიან მსვლელობას მართავდა, მსვლელობის თარიღისა და ადგილის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობეს თბილისის მერიას.
 
მსვლელობისას აქციის მონაწილეებს აედევნა მოქალაქეთა ჯგუფი (მათ შორის სასულიერო პირები), რომლის წევრებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით, მათ რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი სავალი ნაწილი გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ხოლო ნაწილს კი ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.
 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის აქციის მონაწილეები, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ იმყოფებოდნენ ინციდენტის ადგილზე. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის გარშემო ახსნა-განმარტებების მოპოვება და  ვიდეო-მასალის ანალიზი. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ქცევის ადეკვატურობისა და კანონშესაბამისობის შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია პოლიციის მიერ დაკავებულ პირთა რაოდენობის, დაკავების საფუძვლებისა და ადგილზე გატარებული ღონისძიებების შესახებ. მიღებული ინფორმაციის დეტალური ანალიზის შემდგომ, საქართველოს სახალხო დამცველი გააკეთებს სათანადო რეაგირებას, რაც დამატებით გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.
 
საქართველოს სახალხო დამცველი დაუშვებლად მიიჩნევს შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლებით სარგებლობისათვის სათანადო პირობების შექმნა სამართალდამცავი ორგანოების  პოზიტიური ვალდებულებაა. მსგავსი მსვლელობის წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევა სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.
 
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია მსგავს შემთხვევებში სახელმწიფომ გაატაროს დროული და ეფექტური ღონისძიებები შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული ქმედებების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.